უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო „ქართული ოცნების“ მიერ უკრაინის ომის კადრების გამოყენება თავის საარჩევნო კლიპში ლოზუნგით „არა ომს! აირჩიეთ მშვიდობა!“, სადაც მმართველი პარტია ომის შედეგად დანგრეულ უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე განვითარების პროექტებს ადარებს.
კიევმა საარჩევნო კამპანიის ეს ნაბიჯი „მორიგ არამეგობრულ ქმედებად“ შეაფასა და განაცხადა, რომ მმართველი პარტია „საკუთარი პოლიტიკური პიარისთვის აგრძელებს ვიდეოების გამოყენებას, რომლებიც ასახავს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი აგრესიის საშინელ შედეგებს“.
„სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მოსკოვს აამოს და უგულებელყოფს ღირსებისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს, რომლებიც ისტორიულად ახასიათებს ქართველ ერს და მისი იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ 13 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში. „ჩვენ ვურჩევთ საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკურ სტრატეგებს, იყვნენ გულახდილები საკუთარ ხალხთან და თავიანთ გვერდებზე უფრო ჭეშმარიტი სურათი განათავსონ: მარჯვნივ რუსეთის სამფეროვანი დროშა და მარცხნივ ევროკავშირისა და ნატოს დახურული კარები“.
This post is also available in: English