სახელისუფლებო ტელეარხები 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს სარეკლამო ბაზრის ლიდერებად რჩებიან

სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2025 წლის II კვარტალში სახელისუფლებო ტელევიზიებს ჰქონდათ, განაცხადა კომუნიკაციების კომისიამ 12 აგვისტო.

სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2025 წლის II კვარტალში კვლავ „ტელეიმედს” ჰქონდა, თუმცა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით მისი შემოსავალი 10%-ით შემცირდა და 5.4 მილიონი ლარი შეადგინა. 10%-ით შემცირდა ასევე „რუსთავი 2“-ის კომერციული შემოსავალი და 2.6 მილიონი ლარი შეადგინა. 15%-ით გაიზარდა „პოსტვ“-ის შემოსავალი და 1.6 მილიონი ლარი გახდა.

წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტი – 52%-იანი ზრდა ჰქონდა „ტელეკომპანია პირველს“, რომლის სარეკლამო შემოსავალმაც 1.6 მილიონი ლარი შეადგინა. 18%-ით გაიზარდა ასევე „ფორმულას“ კომერციული შემოსავალი და 1.4 მილიონი ლარი გახდა. „ბი ემ ჯიმ“ წინა წლის II კვარტალთან შედარებით, 14%-ით მეტი მიიღო და მისმა სარეკლამო შემოსავალმა 1.0 მილიონი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, რადიოების მიერ მიღებული სარეკლამო შემოსავალი 6%-ით შემცირდა და როცა 2024 წლის II კვარტალში 2.1 მილიონი ლარი იყო, 2025 წლის II კვარტალში 2.0 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 89.5% პირდაპირ რეკლამას, ხოლო 10.5% სპონსორობას ეკავა.   

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2025 წლის II კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 20 მილიონი ლარიდან 12.1%-ით შემცირდა და 17.6 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში სარეკლამო შემოსავალი 13%-ით შემცირდა და 18 მილიონი ლარის ნაცვლად 15.6 მილიონი ლარი შეადგინა.

This post is also available in: English

Exit mobile version