„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები“ რუსეთიდან დეპორტირებული იმ უკრაინელების დაბრუნების უზრუნველსაყოფად, რომლებიც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არიან ჩარჩენილები, და გამოთქვა თბილისის მზადყოფნა, დაფაროს დაბრუნების ხარჯები.
9 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე დარახველიძემ განაცხადა, რომ დაახლოებით 87 დეპორტირებული პირი რჩება დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ე.წ. ნეიტრალურ ზონაში. მისი თქმით, ყველა მათგანს სერიოზული კრიმინალური წარსული აქვს და არაერთხელაა ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის. დარახველიძემ ასევე აღნიშნა, რომ პროცესის ხელოვნური გაჭიანურება ეჭვს ბადებს, რომ უკრაინულ მხარეს სურს, რომ ეს ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში დარჩნენ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, რათა მოგვიანებით ქართული მხარე იძულებული გახდეს, მათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს.
საქართველოში უკრაინის საელჩო იტყობინება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, რომ ისინი მუშაობენ იმისთვის, რომ დარჩენილი მოქალაქეების ტრანზიტი რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს. მანამდე უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთი „დეპორტაციების იარაღად გამოყენებაში“ დაადანაშაულა.
This post is also available in: English