ევროკავშირმა განაცხადა, რომ ის „კატეგორიულად უარყოფს და გმობს იმ დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს“ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომელიც საქართველოში ევროკავშირის როლს შეეხება. მან ასევე „მტკიცედ“ დაგმო ევროკავშირის ელჩზე პაველ ჰერჩინსკიზე პირადი თავდასხმები და განაცხადა, რომ ელჩი „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში“.
„ბოლოდროინდელი ცრუ ინფორმაციის მატარებელი განცხადებები, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოს დესტაბილიზაციას, ომში ჩათრევას ან ე. წ. „არატრადიციული ღირებულებების“ თავზე მოხვევას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განზრახ მცდელობას წარმოადგენს“, – ნათქვამია ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაში, რომელიც 25 ივლისს გავრცელდა.
„რუსეთის სტილში შეთხზული შეთქმულების თეორიებითა და განხეთქილების გამომწვევი ნარატივებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დაზიანება მხოლოდ მათთვის არის ხელსაყრელი, ვინც საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება“, – ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English