ლიეტუვამ კობახიძეს და 16 სხვა თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა

ლიეტუვამ 17 ქართველ პოლიტიკოსს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივი დარბევის საპასუხოდ სანქციები დაუწესა, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა კიასტუსის ბუდრისმა. ამ საკითხზე საუბრისას ბუდრისმა ხაზი გაუსვა ლიეტუვის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და მისი ევროპული მისწრაფებების მიმართ. ეს გადაწყვეტილება წინ უძღვის 16 დეკემბერს დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომას, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებზე იმსჯელებს. 

„ლიეტუვა დგას საქართველოს ხალხისა და მისი ევროპული ოცნების გვერდით. ესტონეთთან კოორდინაციით, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია და კიდევ 17 პირი დავამატეთ, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ჩვენ არ შევეგუებით მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის მიმართ ძალადობას და ჩაგვრას. ახლა ევროკავშირის დონეზე ერთობლივი  მოქმედების დროა“.

ლიეტუვის მიერ დასანქცირებულ თანამდებობის პირთა სია ასე გამოიყურება:

მანამდე ესტონეთმა დაუწესა სანქციები „ქართული ოცნების“ 14 თანამდებობის პირს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს.

ბალტიისპირეთის ქვეყნები – ლიეტუვა, ესტონეთი და ლატვია – პირველი ქვეყნები იყვნენ, რომლებმაც გადამწყვეტი საერთაშორისო ზომები მიიღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, მათ შორის მისი საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. ადრე სანქცირებულ პირებს შორის იყვნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და აშშ-ის მიერ სანქცირებული შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი.

This post is also available in: English Русский

Exit mobile version