ეროვნულმა ბანკმა ოქტომბერში 591 მილიონი აშშ დოლარის სავალუტო რეზერვები გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქტომბერში 591 მლნ აშშ დოლარის სავალუტო რეზერვები გაყიდა, რაც, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ერთი თვის განმავლობაში რეკორდული ოდენობაა. ამ თანხიდან 213.4 მილიონი აშშ დოლარი სავალუტო აუქციონზე გაიყიდა, ხოლო 377.7 მილიონი აშშ დოლარი Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციის თანხა იყო.

ქვეყანაში არსებული დაძაბული პოლიტიკური კლიმატის ფონზე ეროვნული ვალუტის დევალვაციის თავიდან აცილების მიზნით, ოქტომბერში ეროვნულ ბანკს ოთხჯერ მოუწია აუქციონზე რეზერვების გამოტანა. სებ-ში აცხადებდნენ, რომ მისი ინტერვენციები მიზნად ისახავდა „არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციას“.

„ორთვიანმა დანაშაულებრივმა საარჩევნო კამპანიამ გაანიავა ქვეყნის სავალუტო რეზერვები“, – დაწერა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ ფეისბუქზე. გოცირიძემ ადრეც გამოხატა შეშფოთება სავალუტო ბაზარზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და გააფრთხილა, რომ სავალუტო რეზერვების ხშირი და დიდი ოდენობით გაყიდვები შეიძლება სახიფათოდ მიუახლოვდეს კრიტიკულ დონეს.

მთლიანობაში სებ-მა წლის პირველ ათ თვეში 917 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა და 329 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, ანუ წმინდა გაყიდვებმა 588 მილიონი დოლარი შეადგინა. ქვემოთ მოცემულია 10 თვეში განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების დეტალური სტატისტიკა:

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English

Exit mobile version