ევროკომისია ცხრა ნაბიჯის განხორციელებას აფასებს, ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები კი საქართველოზე იმსჯელებენ

მაშინ როცა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 18 ნოემბერს საქართველოზე მსჯელობისთვის ემზადებიან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროკომისიის მიერ გასულ წელს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ დასახული ცხრა ნაბიჯის განხორციელების შეფასება გამოაქვეყნა. ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმ პირობით მიენიჭა, რომ საჭირო ცხრა ნაბიჯი განხორციელდებოდა.

„საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან საკმარისი პოლიტიკური ნება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყანაში აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ შეიცვლის იმ კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროკავშირში მის ინტეგრაციას და არ მიიღებს რეალურ ზომებს  არსებული პრობლემების გადასაჭრელად და მნიშვნელოვანი რეფორმების განსახორციელებლად, ევროკომისია ვერ შეძლებს საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე რეკომენდაციის გაცემის საკითხის განხილვას“, – აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

ევროკომისიის შეფასება თითოეული ნაბიჯის განხორციელების შესახებ ასეთია:

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს, 18 ნოემბერს იკრიბებიან, რათა საქართველოზე იმსჯელონ. დისკუსია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფართო გაყალბების ბრალდებების ფონზე იმართება. მოსალოდნელია, რომ დღის წესრიგის მთავარი საკითხი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე ევროკავშირის რეაგირება იქნება.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ იგი გამოვა ინიციატივით, რომ „შეწყდეს იმ პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა, რომელიც ხელისუფლებისკენ მიემართება. 100 მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და მთავრობის ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გამოეყოფა“.

მან ასევე განაცხადა, რომ „საქართველოს ხალხი კვლავ მიიღებს ევროკავშირის მხარდაჭერას“ და აღნიშნა, რომ მაშინ, როცა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, სანამ ხელისუფლება არ დაუბრუნდება ევროკავშირის გზას, ევროკავშირის სახსრები მოხმარდება „იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი თავისუფლებისთვის იბრძვიან“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English Русский

Exit mobile version