გენერალური პროკურორი ჯანმრთელობის მდგომარეობის მოტივით თანამდებობას ტოვებს

საქართველოს პროკურატურამ 23 მაისს განაცხადა, რომ გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ „გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის“ გამო თანამდებობა დატოვა. შოთაძის თქმით, მან თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ექიმების რეკომენდაციით მიიღო.

„მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამოდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ ვიმყოფები. შესაბამისად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია გავაგრძელო გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება. სწორედ ამიტომ უკვე მივმართე საქართველოს პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით“, – განაცხადა შოთაძემ.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარ პროკურორად 2020 წლიდან მსახურობდა. 2005 წლიდან კი მას საჯარო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა.

მანამდე, 2018 წელს, შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დატოვა. ინციდენტის დროს 16 წლის დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დანით მოკლეს.

შოთაძე ასევე ნახსენებია ჟურნალისტურ გამოძიებაში, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ ახერხებდნენ კონკრეტული მაღალი რანგის სასულიერო პირები მაღალჩინოსნების დახმარებით და ანაზღაურების სანაცვლოდ, მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირების საპროცესო შეთანხმებით ან ვადამდე ადრე გათავისუფლებას.

2018 წელს მმართველი პარტიის დამფუძნებელმა და მისმა ამჟამინდელმა საპატიო თავმჯდომარემმ ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებთან დახურული შეხვედრა გამართა, რომელსაც მამუკა ხაზარაძე, ვანო ჩხარტიშვილი და ასევე ირაკლი შოთაძე ესწრებოდნენ. ხაზარაძის თქმით, მთავარი პროკურორის შეხვედრაზე დასწრებით, ივანიშვილმა მისი დაშინება სცადა.

საქართველოს გენერალური პროკურორი ექვსწლიანი ვადით მსახურობს. გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 6 თვისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ გენერალური პროკურორობის კანდიდატის შესარჩევად საპროკურორო საბჭო იწყებს ერთთვიან კონსულტაციებს აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან.

ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version