არასამთავრობოები: აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოყენებული ფიზიკური ძალა წამებას გაუტოლდა

ცხრა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 30 აპრილი – 1 მაისის მოვლენების სამართლებრივი შეფასება გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომიტინგეების დარბევა „არალეგიტიმური“ და „არაპროპორციული“ იყო, ხოლო „გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას“. შეფასებაში ასევე ნათქვამია, რომ ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა „კვლავ შეკრების თავისუფლების მომეტებული შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცა“. 

აქციის დარბევის შესახებ გადაწყვეტილება უკანონო იყო

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აქციის დარბევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება იყო უკანონო 2 საფუძვლით: (1) არ არსებობდა შესასვლელების ბლოკირების მიზეზით დემონსტრანტების დარბევის საფუძველი; (2) ასეთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, არ არსებობდა მთლიანი აქციის დარბევის სამართლებრივი წინაპირობა.

არასამთავრობო ორგანიზაციები „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმე ეყრდნობიან, სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაცულია, მათ შორის, პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება მაშინ, როდესაც შეკრების მონაწილეებს არ ჩაუდენიათ და არც გეგმავენ ძალადობრივ ქმედებებს და, თავის მხრივ, შეკრება სახელმწიფოში დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ორგანიზაციების თქმით, შეკრების ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიზნები მშვიდობიანი იყო და პარლამენტში კანონის მეორე მოსმენით განხილვა დასრულებული იყო, ამიტომ საპარლამენტო სამუშაო პროცესს ხელი არ ეშლებოდა. „ამასთან, შესასვლელებთან აქციის მონაწილეების დაშლის საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, ეს ვერ იქნებოდა მთლიანი აქციის დარბევის წინაპირობა, რადგან „მცირე ჯგუფთან დაკავშირებული სადავო გარემოებები, ავტომატურად არ აქცევს სხვაგვარად მშვიდობიან აქციას არამშვიდობიანად“.

სპეციალური საშუალებები გამოყენებულ იქნა წინასწარი გაფრთხილების გარეშე

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ სახელმწიფომ დაარღვია აქტიური სპეციალური საშუალებების, მათ შორის ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის გამოყენების წესები. 

„სპეციალური ღონისძიების დაწყებამდე, პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს შეკრების/მანიფესტაციის მონაწილეები, მისცეს მათ გონივრული ვადა (არანაკლებ 30 წუთი) კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. გავრცელებულ ვიდეომასალაზე დაყრდნობით, შეფასებაში ნათქვამია, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმმა დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება, ისე, რომ აქციის მონაწილეებს არ მიეცათ გონივრული ვადა გაფრთხილებაზე რეაგირებისთვის. სპეციალური დანიშნულების რაზმი აგრძელებდა წყლის ჭავლის გამოყენებას გაფრთხილების პარალელურად ან გაფრთხილებიდან რამდენიმე წამის ინტერვალით. არა სამთავრობო ორგანიზაციები ასევე ხაზს უსვამენ, რომ პარლამენტის უკან მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის დროს, აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, მათ არ ჰქონდათ საკმარისი სივრცე, რათა დაეტოვებინათ ის ტერიტორია, რომელზეც საპოლიციო ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის და ფიზიკურ ძალას იყენებდნენ. ასევე, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, აქციის დარბევის საწყის ეტაპზე მმობილიზებული სასწრაფო დახმარების ჯგუფების რაოდენობა დაშავებულთა რაოდენობასთან შედარებით, არაპროპორციულად დაბალი იყო.

აქციის დარბევისას მოქალაქეთა მიმართ არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი

 შეფასებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცავების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის არაერთი ფაქტი გამოვლინდა, რაც გამოიხატა დემონსტრანტების მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ ანგარიშსწორებაში. სპეცრაზმელებმა სცემეს აქციაზე მყოფი არაერთი პირი, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, მათ შორის, ახალგაზრდებს, ქალებს, ჟურნალისტებს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. „ფიქსირდებოდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე სპეცრაზმელი პოლიციელების მასაში შეითრევდა აქციის მონაწილეებს და ფიზიკურად უსწორდებოდა, მუშტებს  ურტყამდა, თმაში ქაჩავდა, წაქცეულებზე ზედ წიხლებით დგებოდნენ“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი თქმით, მსგავსი მოპყრობის მსხვერპლნი იყვნენ ქალები და ბავშვები, საქართველოს პარლამენტის წევრები (ალექსანდრე ელისაშვილი და ლევან ხაბეიშვილი), ჟურნალისტები. აქციის მონაწილეთა დევნა გაგრძელდა მეტროშიც.

ადმინისტრაციული წესით მოქალაქეების დაკავება უკანონო იყო

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ საპოლიციო ძალების წარმომადგენლები აგრძელებდნენ უკანონო დაკავებების პრაქტიკას. მათი თქმით, საპოლიციო ძალები ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე პერიოდულად აკავებდნენ აქციის მონაწილეებს, დაკავებისას, პოლიციის კორდონში მოქცევამდე და მას შემდეგ კი, ფიზიკურად ძალადობდნენ მათზე. „საყურადღებოა, რომ საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა აქციის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც სასტიკად სცემეს“, – ნათქვამია შეფასებაში.

ორგანიზაციების თქმით, მათ მიიღეს ინფორმაცია 50-ზე მეტი დაკავებული პირის შესახებ. „ჩვენ უკვე მოვინახულეთ 15-ზე მეტი დაკავებული, რომელთა უმრავლესობა არის ნაცემი, რაც მიუთითებს პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე“.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ:

განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, უფლებები საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ადამიანის უფლებათა ცენტრი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version