„ქართული ოცნების“ ლიდერები ანტიდასავლურ, სუვერენისტულ, კონსპიროლოგიურ რიტორიკას ამძაფრებენ

„ქართულმა ოცნებამ“ 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მხარდასაჭერად აქცია გამართა. აქციის მონაწილეები, რომელთა დიდი ნაწილიც, გავრცელებული ინფორმაციით, საჯარო სექტორის თანამშრომელია, მმართველმა პარტიამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ავტობუსებით ჩამოიყვანა. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილმა, თავიანთ მიმართვებში შეთქმულების თეორიები, ულტრაკონსერვატიული და სუვერენისტული რიტორიკა გამოიყენეს და არასამთავრობოები ორგანიზაციებსა და „ამ ქვეყნის დამონებისა და დაჩაგვრის მოსურნე ადამიანებს“ ბრალდებები წაუყენეს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლა

თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო „არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო“ და აღნიშნა, რომ „ჩვენ სწორედ დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტითა და ღირებულებებით გვინდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“. ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა, რომ „კონკრეტულ გავლენიან ძალებს ევროკავშირი წარმოუდგენიათ, როგორც არასუვერენული, სუსტი სახელმწიფოების ერთობა, რომლებიც დაცლილი უნდა იყვნენ ყოველგვარი იდენტობისგან და ღირებულებებისგან“.

„როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, არა მხოლოდ ევროკავშირი უშვებს ამ ქვეყანას საკუთარ სახლში, არამედ ეს ქვეყანაც უშვებს საკუთარ სახლში ევროკავშირს. ამიტომ, საქართველოს აქვს სრული უფლება, ჩვენ სახლში შემოსვლამდე  ევროკავშირს ჩვენი სუვერენიტეტისა და ღირებულებების პატივისცემა მოვთხოვოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

მან უინსტონ ჩერჩილის სიტყვებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და მტრები, არსებობს მუდმივი ინტერესები“ და დასძინა, რომ „ავღანეთისა და უკრაინის მაგალითებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სახელმწიფოს ერთადერთი მუდმივი მეგობარი მისი სუვერენიტეტია. სუვერენიტეტი არის ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მტკიცე გარანტია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვერ დავყვებით ვერცერთ მოთხოვნას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობას გულისხმობს“.

პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ბიძინა ივანიშვილზე. „ჩვენ წარმოვადგენთ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა. ბიძინა ივანიშვილმა მოგვცა თითოეულ ჩვენგანს ქვეყნისთვის თავდადების, ჰუმანურობის, პრაგმატულობის და მოთმინების მაგალითი. მან მოგვცა უანგარო პატრიოტობისა და ეროვნული საქმის კეთების მაგალითი. მოგვცა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გაიღო მაქსიმუმი შენი ქვეყნის იდენტობისა და თვითმყოფადობის დაცვისა და შენარჩუნებისთვის. ბიძინა ივანიშვილმა მოგვცა იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება გადადო თავი, როდესაც ეს ქვეყნის გადარჩენისა და გათავისუფლებისთვის არის აუცილებელი. საქართველოს ერთგულება და ეროვნული საქმე არის ის, რასაც ბიძინა ივანიშვილს ვერ პატიობენ ამ ქვეყნის დამონებისა და დაჩაგვრის მოსურნე ადამიანები. მადლობა ბიძინა ივანიშვილს იმისათვის, რომ საქართველოს დღეს აქვს მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა. მადლობა მას იმისათვის, რომ სწორედ მშვიდობითა და ეკონომიკური წინსვლით გავხდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა“.

შემდეგ მან ის ძალები გააკრიტიკა, რომლებიც „უკვე რამდენიმე თვეა გვემუქრებიან, რომ თუ არ დავთმობთ ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობას, არ გაგვიხსნიან  მოლაპარაკებებს ევროკავშირთან“.

პრემიერ-მინისტრის თქმით, „დღეს მოლაპარაკებები გახსნილი აქვთ უკრაინასთან და მოლდოვასთან, მაშინ, როდესაც საქართველო ერთი თავით მაღლა დგას ორივე ქვეყანაზე დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, ინსტიტუტების სიძლიერის, კორუფციის სიმცირისა და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. შესაბამისად, პირველ რიგში, სწორედ ევროკავშირის ინტერესებშია, სამართლიანობა რაც შეიძლება მალე აღადგინოს“.

კობახიძემ კიდევ ერთხელ გააჟღერა ბრალდებები „რადიკალური ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ენჯეოების“ მისამართით, რომელთაც, მისი თქმით, „უკვე ორჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა“. „შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ გასული 3 წლის მანძილზე ქვეყნის არევის ყველა მცდელობა აღკვეთა, ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნა და კანდიდატის სტატუსიც მიიღო. აქედან ჩანს, რომ თუ თავს არავის დაუხრი და ღირსეულად დადგები, შედეგსაც ღირსეულს მიიღებ“- აღნიშნა მან. კობახიძემ ოპოზიციის მხარდამჭერებსაც შეუტია და აღნიშნა, რომ „სახელმწიფოს მუდმივ მტრობაზე, რომელსაც აწარმოებს რადიკალური ოპოზიცია, პასუხისმგებლობას ინაწილებს ყველა მისი მხარდამჭერი და ამომრჩეველი“.

მისი თქმით, ბოლო კვირების მანძილზე „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციები „პოლიტიკური უმცირესობის“ პროტესტია და აქციის მონაწილეებს „მონურ დამოკიდებულებაში“ დასდო ბრალი. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები „არის ერთგვარი რეფერენდუმიც „ენჯეოებისა“ და ფსევდოლიბერალური პროპაგანდის შესახებ კანონებთან დაკავშირებით“. „ჩვენი გამარჯვება არის საქართველოს შემდგომი წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობა და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – დასძინა მან.

თბილისის მერის კახა კალაძის გამოსვლა

თავის გამოსვლაში თბილისის მერმა კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა „ქართული ოცნების“ ულტრაკონსერვატიული გზავნილები – ოჯახი, რწმენა, სარწმუნეობა – და ისინი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირა. „ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარული ერი! გვაქვს მიზანი – საკუთარი იდენტობით და სუვერენიტეტით, მყარი მორალური ღირებულებებით, ოჯახის სიმტკიცით, სარწმუნოების ხელშეუხებლობით, სრული დამოუკიდებლობით გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია“.  

„გვიმტკიცებენ, რომ თეთრი შავია. გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა ცუდია და ლგბტ პროპაგანდა – კარგი. გვიმტკიცებენ, რომ „ენჯეოებს“ უფლება აქვთ საქართველოში, რამდენიც უნდათ, იმდენი რევოლუციის მოწყობა სცადონ და ჩვენ მათი ფულის წარმომავლობაც არ უნდა მოვიკითხოთ. რევოლუციას კიდევ ერთხელ რომ დაგეგმავენ, ქართველმა ხალხმა თურმე ისიც კი არ უნდა იცოდეს, საიდან მოდის თანხები და ვინ აფინანსებს აღნიშნულ რევოლუციას“, – განაცხადა მან.

კალაძემ განაცხადა, რომ „გასულმა რამდენიმე კვირამ კიდევ ერთხელ დაადასტურა და დაგვანახა, რომ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი თანხების 90 პროცენტზე მეტი საქართველოში აგენტურის გაძლიერებას ემსახურება“. თბილისის მერის თქმით, „გაირკვა, რომ იმ თანხების უდიდესი ნაწილიც კი, რომლებიც, თითქოს, სოფლის მეურნეობას, შშმ პირებზე ზრუნვას თუ კავკასიურ სახლს მოხმარდა, ტყუილად არ დახარჯულა. როგორც კი დაჭირდათ, ყველა ეს „ენჯეო“ ერთად გამოიყვანეს და ეროვნულ ინტერესებს დაუპირისპირეს“.

„სწორედ ამიტომ, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დავდგეთ ერთად და ბოლომდე გავიტანოთ გასატანი, რათა პრინციპულად განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და მისი ტრადიციული ღირებულებები, არ დავუშვათ სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობის დაკარგვა… ჩვენ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ დღეს და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, ვიყოთ თავისუფლები“, – განაცხადა კალაძემ.

„ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ – საქართველო არასდროს იქნება არავის ვასალი. ჩვენ ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის ინტერესებით. ყველას დავუმტკიცებთ, აბსოლუტურად ყველას,  რომ საქართველო იმსახურებს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, რომლის გარეშეც ყველა სახელმწიფოებრივი ამოცანა ყოველგვარ ფასს კარგავს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კობახიძის მსგავსად, კალაძემაც დაადანაშაულა „გარკვეული ძალები“, რომლებიც, მისი თქმით, „ვერაფრით ეგუებიან, რომ საქართველომ უკრაინის ბედი არ გაიზიარა“.

„პირდაპირ გვეუბნებიან ქართველებს, რომ ჩვენ არაფერი გვესაქმება და არანაირი უფლება არ გვაქვს ვიცოდეთ, ვინ აფინანსებს ჩვენ ქვეყანაში ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას, მართლმადიდებლურ ეკლესიაზე შეტევას, ნარკოტიკების პროპაგანდას, რადიკალიზმს, ქვეყნის არდასვენების გამუდმებულ მცდელობას. გვეუბნებიან, რომ ქართველმა ხალხმა ეს არ უნდა იცოდეს, მაგრამ ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ“, – განაცხადა კალაძემ. „ჩვენი დღევანდელი ბრძოლა, რომელიც „ენჯეოების“ და ლგბტ პროპაგანდის შესახებ კანონების მიღებას უკავშირდება, სინამდვილეში, არ არის ბრძოლა უბრალოდ ორი კანონის მისაღებად. ეს არის გადამწვეტი ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის, ინტერესების დასაცავად“.

კალაძემ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ „2012 წლიდან მან საქართველოს ეროვნული ინტერესები ხელისუფლების საქმიანობის მთავარ სახელმძღვანელო პრინციპად აქცია. სწორედ ამან მისცა საქართველოს შესაძლებლობა იმისა, ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა და შემოტევებისა, შეგვენარჩუნებინა პრინციპული პოზიცია და დაგვეცვა მშვიდობა“.

გამოსვლის დასასრულს კალაძემ განაცხადა, რომ ზოგიერთებს სააკაშვილი მოწონდათ, რადგან „ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ყავდათ მომართული და რასაც ეტყოდნენ, ყველაფერს აკეთებინებდნენ“. „ბიძინა ივანიშვილი კი სწორედ იმიტომ არ მოსწონთ, რომ დღეს ის არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მთავარი გარანტი საქართველოში და ყოველთვის ამ პრინციპებით, ამ მიდგომებით ვიქნებით ქვეყნის სიყვარულში“, – აღნიშნა მან.

„დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული და ეროვნულ ფასეულობებზე მყარად მდგომი სახელმწიფო. საქართველო უპირველეს ყოვლისა!“, – დასძინა თბილისის მერმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2012 წელი გაიხსენა, როდესაც, მისი თქმით, ქართველმა ხალხმა „აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ დემოკრატიულ, თავისუფალ, სუვერენულ და მშვიდობიან  საქართველოში სურს ცხოვრება“ და ქვეყანა „ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ანტიეროვნული, მჩაგვრელი და მოღალატე რეჟიმისგან გაათავისუფლა“.

ღარიბაშვილის თქმით, ისინი კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ, რათა „ჩვენი ქვეყნის შიგნით თუ ჩვენი ქვეყნის გარეთ ყველას ვაჩვენოთ, რომ საკუთარ ღირსებას, სუვერენიტეტს და თავისუფლებას ბოლომდე დავიცავთ“.

„დღეს, მსოფლიოში დრამატული მოვლენები ვითარდება, მიმდინარეობს ომები ახლო რეგიონში, თავად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ამიტომ ჩვენი მიზანი და მთავარი ამოცანა სწორედ მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფაა. დღეს ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, „ბოლო წლებში ამ ურთულეს დროში არაერთი პროვოკაციის, დესტაბილიზაციის და რევოლუციების მცდელობის მიუხედავად ჩვენ შევძელით მშვიდობის უზრუნველყოფა. პირველად გვაქვს ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა ქვეყანაში, რომელიც პირველ რიგში, ჩვენი ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა“.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც „ვერ ეგუებიან, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა მართოს ჩვენი ქვეყანა“. ამ კონტექსტში მან განაცხადა, „აშკარაა, რომ მსოფლიო წესრიგი იცვლება და ხვალინდელი სამყარო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო გუშინ. ამ ვითარებაში უნიკალური ქართული გამოცდილების არსი სწორედ ის არის, რომ  ჯერ, პირველ რიგში, ჩვენი ეროვნული ინტერესები დავიცვათ და ყველას შევახსენოთ, რომ ახალი წესრიგი თანასწორობას, მშვიდობისკენ სწრაფვას და ყველა ერების უნიკალურობისა და თვითმყოფადობის პატივისცემას უნდა დაეფუძნოს“.

„ჩვენ ვიცით, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც ქვეყნის შიგნით მოქმედი მტრული ძალების, მტრული აქტორების მეშვეობით ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.  ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ფსევდოლიბერალური ღირებულებები, ისინი ებრძვიან ჩვენს ტრადიციულ, ქართულ, ოჯახურ ღირებულებებს, ქართველი ხალხის მჩაგვრელი კრიმინალების  დაბრუნებას ცდილობენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა მან.

ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს პროგრესზე უარის თქმას, მაგრამ „ბოროტება ხშირად სწორედ განახლების სახელით მოდის ან ცდილობს დაბრუნებას“.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არავისთან დაპირისპირება არ გვინდა, ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ არ ვემსახურებით არც დასავლეთს და არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს და არც სამხრეთს, არამედ ჩვენ ვემსახურებით საქართველოს… ამიტომ, დღეს, ჩემო ძვირფასებო, არჩევანი მკაფიოა – ან მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ან ისევ ომი, ქაოსი და არეულობა“, – დასძინა ღარიბაშვილმა.

შენიშვნა: მასალა განახლდა 30 აპრილს, 14:50 საათზე და მას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გამოსვლა დაემატა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version