სენატორები „უცხოელი აგენტების“ კანონთან დაკავშირებით კობახიძეს აშშ-ის პოლიტიკის შეცვლის თაობაზე აფრთხილებენ

„ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების თაობაზე 26 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ უმკაცრეს წერილში, აშშ-ის სენატის ორპარტიული ჯგუფი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის რესპუბლიკელი წევრის, სენატორ ჯიმ რიშისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღანელობით, „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს კანონპროექტის ხელახლა ინიცირების გამო და აფრთხილებს მას, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, სენატორები იძულებულნი გახდებიან საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლას შეუწყონ ხელი.

სენატორების თქმით, პოლიტიკის ცვლილებას შესაძლოა მოყვეს როგორც სანქციები იმ პირთა მიმართ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მისი ევროატლანტიკური კურსის შეფერხებაზე, ისევე აშშ-ის პირდაპირი ფინანსური დახმარების გადახედვა და შეერთებულ შტატებში სავიზო აკრძალვების გაფართოება.

აღნიშნეს რა, რომ კანონის სამიზნე სამოქალაქო საზოგადოებაა, რომელიც, მათი თქმით, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში, და „სავარაუდოდ, ასევე მიმართულია აშშ-ისა და ევროპის დახმარების წინააღმდეგ, რომელთაც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადეს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული გარდაქმნების მხარდასაჭერად“, სენატორები ხაზს უსვამენ, რომ ის ქართველი ხალხის სურვილსაც ეწინააღმდეგება, რომლის დიდი უმრავლესობაც განუხრელად უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას.  

სენატორების თქმით, კანონის მიღება „შესაძლოა ძლიერი გზავნილი იყოს ქართველი ხალხისთვის, რომ მისი ხელისუფლება აღარ გამოხატავს მათ სურვილებს, აქტიურად უთხრის ძირს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგს და უარს ამბობს კონსტიტუციის დაცვაზე“. სენატორები აფრთხილებენ, რომ  „ეს კანონმდებლობა საქართველოს უძლიერეს პარტნიორებს, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს, მავნე აქტორებად შერაცხავს“. ისინი ასევე აცხადებენ, რომ „ასეთი ცვლილება მოითხოვს აშშ-ს პოლიტიკის შეცვლას საქართველოს მიმართ და საქართველოს პოლიტიკის ახალი მდგომარეობის ასახვას“.

სენატორები პირობას დებენ, რომ არასდროს მიატოვებენ „ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომელმაც საკუთარი ხმა დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდასაჭერად, ხმამაღლა და მკაფიოდ, ყველას გააგონა“. მათი თქმით, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ორმხრივ ინტერესებსა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება. აღნიშნეს რა, რომ აშშ მზადაა გააღრმავოს ურთიერთობები საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და დასავლური ინტეგრაციის მხარდასაჭერად, სენატორები აცხადებენ, რომ ეს „ვერ გაგრძელდება მანამ, სანამ ეს კანონმდებლობა უკან არ იქნება გაწვეული“.

წერილს ხელს აწერენ სენატორები ჯინ შაჰინი, ჯიმ რიში, ბენ კარდინი, ლინდსი გრემი, კრის კუნსი, პიტ რიკეტსი, დიკ დურბინი, როჯერ უიკერი, რიჩარდ ბლუმენთალი, ტომ ტილისი, ტიმ კეინი, დენ სალივანი, შელდონ უაითჰაუსი და მარტინ ჰაინრიხი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version