ქართული არასამთავრობოები 16 აპრილის აქციის დროს პოლიციის ძალადობას და უკანონო დაკავებებს გმობენ

ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს მას შემდეგ, რაც 16 აპრილს, პოლიციამ 13 მშვიდობიანი ადამიანი დააკავა, რომელიც „შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობდა და საქართველოს ევროპულ მომავალს იცავდა“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ დაკავებულებს იზოლატორებში, ხვდებოდნენ მათ, ესაუბრებოდნენ და  აღწერდნენ მათი უფლებების დარღვევის ფაქტებს. „დაკავებულთა უმეტესობას ფიზიკური დაზიანების ნიშნები აქვს, ხოლო სამი მათგანი – ამჟამად ჰოსპიტალიზებულია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ პოლიციას „შეწყვიტოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევა, უკანონო დაკავებები და მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობა. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები“.  

„კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ ყველა დაკავებულის უფლებას. ჩვენ ვემსახურებით ქართველ ხალხს. არც ერთი ადამიანი, რომელიც კანონიერად სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით, არ დარჩება სამართლებრივი მხარდაჭერის გარეშე“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველო, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, უფლებები საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ადამიანის უფლებათა ცენტრი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version