როგორ დავამარცხეთ რუსული კანონი?

წარმატებული ბრძოლის გაკვეთილი

ანუ მოკლედ იმის შესახებ, თუ როგორ გავხდით პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი კანონი ხალხმა დაამარცხა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2022 წლის მარტის დასაწყისში, საქართველოს მოქალაქეთა მიერ ქუჩაში გამოხატული პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა, მისი გაცხადებული სურვილის საწინააღმდეგოდ, უკრაინისა და მოლდოვის ფეხდაფეხ, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეეტანა. განაცხადი კი შეიტანა, მაგრამ ყველანაირად შეეცადა ხელი შეეშალა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო.


გიორგი მშვენიერაძე სამოქალაქო მოძრაობა „დემოკრატიის დამცველების“ თავმჯდომარეა


რასაც ჩვენი დაკვირვება ცხადყოფდა, პრემიერ-მინისტრისა და სხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების რიტორიკა სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. გადაწყვეტილების მიღების წინ ცრუ ბრალდებით დააპატიმრეს კრიტიკული მედიის დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელიც სამართლიანად მიიჩნეოდა პოლიტიკურ პატიმრად.

ანტიდასავლური პოლიტიკის წინააღმდეგ, 2022 წლის ივნისში, საქართველოს ხელისუფლებამ თბილისის ქუჩებში მასშტაბური პროტესტი მიიღო, და ეს მაშინ, როცა ხელისუფლება თვლიდა, რომ საკმარისად დაასუსტა ოპოზიცია იმისთვის, რომ ქუჩაში პროტესტს თავში ჩადგომოდა.

ივნისის თვეში დაწყებული მომდევნო საპროტესტო ტალღის სათავეში უკვე არა პოლიტიკური ლიდერები, არამედ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები აღმოჩნდნენ, რამაც ახალი თავსატეხი გაუჩინა ხელისუფლებას.

2022 წლის სექტემბრიდან ხელისუფლებამ გაძლიერებული დეზინფორმაციული კამპანია წამოიწყო ქართული არასამთავრობოების წინააღმდეგ, რაც არსებითად იმეორებდა 2011 წელს რუსეთში დაწყებულ მსგავსი მიზნების კამპანიის სულისკვეთებასა და მეთოდებს.

კამპანია მოიცავდა სახელისუფლებო პოლიტიკოსთა მხრიდან ვერბალურ თავდასხმებს, პროპაგანდისტული მედიების მიერ მომზადებულ დეზინფორმაციულ სიუჟეტებს, კამპანიას სოციალურ ქსელებში.

მისი მიზანი იყო ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ საზოგადოებაში ნეგატიური დამოკიდებულებების გაზრდა და მათი დისკრედიტაცია. ჯერ კიდევ სექტემბერში არსებობდა ინფორმაცია, რომ პარლამენტში უმრავლესობის მიერ მზადდებოდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიზანიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა უნდა ყოფილიყო.

ხელისუფლებამ 2023 წლის თებერვალში მიიჩნია, რომ საზოგადოება უკვე საკმაოდ შემზადებულია იმისთვის, რომ პარლამენტში დაერეგისტრირებინა კანონპროექტი, რომელიც მის მიერვე გამოგონილი პრობლემის – არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის მოგვარებას უზრუნველყოფდა. აქვე აღვნიშნოთ, რომ ხელისუფლებას მანამდეც და დღესაც სრული წვდომა აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების მიღებულ და განკარგულ ფინანსებზე და არანაირი გამჭვირვალობის პრობლემა არ არსებობს.

კანონპროექტის ინიცირებისას ხელისუფლება გათვლას აკეთებდა, რომ დისკუსია გაიშლებოდა კანონპროექტის მუხლობრივ განხილვაზე და არა მის მიზნებზე. ხელისუფლების წარმომადგენლები კანონპროექტზე საუბრისას მის დასაცავად იმეორებდნენ ზუსტად იმ არგუმენტებს, რასაც პუტინი გვთავაზობდა რუსეთში მსგავსი კანონის მიღების დროს.

მაგალითად, ბატონი ირაკლი კობახიძე გვიმტკიცებდა, რომ ქართული არასამთავრობოების აგენტად მოხსენიება არანაირად ლახავდა მათ რეპუტაციას, რადგან აგენტი ხომ დაზღვევის აგენტსაც ჰქვია?! ზუსტად მსგავს ლოგიკას გვთავაზობდა პუტინიც.

ამ ფონზე, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა გადავწყვიტეთ შევკრებილიყავით და სწრაფად მიგვეღო ზომები დაანონსებული კანონის წინააღმდეგ, რომელიც არამარტო ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ მთელ დემოკრატიულ საზოგადოებასა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესსაც უქმნიდა საფრთხეს.

ამ პირველ შეხვედრას 24-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. სწორედ მათი ძალისხმევით ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც ამ კანონის წინააღმდეგ უნდა ემუშავა.

ამავე ჯგუფმა შექმნა ქვეჯგუფები, რომელსაც ერთიანი სტრატეგიის პირობებში, თუმცა ავტონომიურად უნდა ემუშავა საერთო მიზნის მისაღწევად. ქვეჯგუფები მოიცავდა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის, აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების, მედიასთან კომუნიკაციის, იურიდიული დახმარებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებებს. თითოეულ ქვეჯგუფს საკუთარი ამოცანები განესაზღვრა და ჰყავდათ კოორდინატორები, რომელიც მუდმივად უზიარებდნენ ინფორმაციას სხვა ქვეჯგუფების კოორდინატორებს.

წარმოდგენილი კანონპროექტის ანალიზმა ცხადყო, რომ სახეზე გვქონდა რუსული კანონის მსგავსი შინაარსისა და მიზნების მქონე კანონპროექტი, რომელიც საფრთხედ ევროკავშირსა და აშშ-ს აცხადებდა. ეს კანონპროექტი მისი არსით მიმართული იყო დასავლეთის წინააღმდეგ.

ჩვენ ამ დროისთვის უკვე კარგად ვიცნობდით სხვა ქვეყნების გამოცდილებას მსგავს კანონებთან დაკავშირებით.

ვიცოდით ისიც, რომ არ არსებობდა პრეცედენტი, როდესაც მსგავსი კანონის მიღებაზე უარი ხელისუფლებებს საზოგადოების პროტესტის შედეგად მოუწიათ.  ამიტომ, ჩვენ ზუსტად ვიცოდით რა არ უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ ზუსტად არ ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა.

რამდენიმედღიანი შრომის შემდეგ დავასრულეთ არსებული სიტუაციის სრული ანალიზი, კარგად გამოვიკვლიეთ რა იყო ხელისუფლების ძირითადი ნარატივი, რა დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას ცდილობდა საზოგადოებაში და რა ქცევა უნდოდა გამოეწვიათ ადამიანებში.

განსხვავებით წარსულისგან, ჩვენ გადავწყვიტეთ განსხვავებულად გვემოქმედა – გვეპასუხა არა ხელისუფლების ბრალდებისთვის და გამოგონილი ტყუილისგან თავი გვემართლებინა, არამედ საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, რატომ აკეთებდა ხელისუფლება ამას. შევიმუშავეთ სტრატეგია და გეგმა, და შევუდექით მის განხორციელებას.

პროტესტის ორგანიზება ბევრი დამოუკიდებელი აქტორის მონაწილეობით ხდებოდა და არ მსურს ვინმეს როლი დავაკნინო. თუმცა, აქ იმ რამდენიმე საკითხს გამოვყოფ, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ქართველი ხალხის წარმატებაში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ:

ჩვენ ვფიქრობდით, რომ ხელისუფლებას ვაიძულებდით კანონი ივნისში, მესამე მოსმენაზე ჩაეგდო, მაგრამ ხელისუფლება იმაზე სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდით. ყველაფერი დაჩქარდა. ქართველი ხალხის სამართლიანმა პროტესტმა იმაზე დიდი ძალა აჩვენა, ვიდრე ამას ხელისუფლება ოდესმე წარმოიდგენდა.

და ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა. არ ვიტყვი, რომ ხელისუფლება დამარცხდა, რადგან შესაძლოა დღეს, ძალაუფლებასთან ახლოს მყოფთ, თვალზე გარსი აქვთ გადაკრული, მაგრამ როდესაც ძალაუფლებას დაკარგავენ, წლების მერე, ერთ-ერთ ყველაზე ბრიყვულ ქმედებად გაიხსენებენ ამ კანონის ინიცირებას და მადლიერი იქნებიან ქართველი ხალხის, რომელმაც მათ „რუსული კანონის“ მიღების საშუალება არ მისცათ.


მოსაზრებების რუბრიკაში გამოქვეყნებული სტატიები ავტორისაა და მასში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version