EUMM-ს, თბილისის მურალ ფესტივალს და რელიგიის თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორს ტოლერანტობის ჯილდოები გადაეცათ

16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, საქართველოს გაეროს ასოციაციამ, სახალხო დამცველთან და სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრთან ერთად, 2023 წლის ტოლერანტობის  ქომაგები დააჯილდოვა.

ღონისძიება USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია ახორციელებს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

ღონისძიების ფარგლებში ტოლერანტობის სამი ქომაგი დაჯილდოვდა. კერძოდ, რელიგიათა საბჭომ ჯილდო გადასცა არჩილ მეტრეველს, ასოცირებული პროფესორს, რელიგიის თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორს; ეთნიკური უმცირესობების საბჭომ დააჯილდოვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში; ტოლერანტობის ცენტრმა კი ჯილდო თბილისის მურალ ფესტივალს გადასცა.

საქართველოს გაეროს ასოციაციის თქმით, ტოლერანტობის ჯილდო ერთგვარი მადლიერების გამომხატველია იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ამ მიმართულებით მუშაობაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის.

„ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 1996 წელს გამოცხადდა იუნესკოს მიერ. არსებობს ტოლერანტობის დეკლარაცია, შესანიშნავი, სადაც წერია, რომ ტოლერანტობა ეს არის ომის კულტურის მშვიდობის კულტურით დასრულების შესაძლებლობა“, – განუცხადა ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ბექა მინდიაშვილმა „სამოქალაქო საქართველოს“. „ყოველწლიურად, რელიგიათა და ეთნიკური უმცირესობების საბჭოები, ასევე ტოლერანტობის ცენტრი ირჩევს იმ ორგანიზაციებს და ადამიანებს, რომლებმაც რელიგიის და ეთნიკური მრავალფეროვნების მიმართულებით წვლილი შეიტანეს წლის განმავლობაში“.

ღონისძიებაზე საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საქართველოში რელიგიური თავისუფლებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის უმთავრესი ტენდენციები, გამოწვევები და მიღწევები მიმოიხილა.

Exit mobile version