ადრეული ქორწინება – მოუგვარებელი პრობლემა საქართველოში

აითაჯ შახმაროვას მკვლელობის ტრაგიკული საქმე აღმოჩნდა ის შემთხვევა, რამაც დიდი გამოუხმაურება გამოიწვია საქართველოში და აქტივისტების უპრეცედენტო გაერთიანებას უბიძგა ადრეული ქორწინების წინააღმდეგ. აითაჯი 14 წლის ეთნიკურად აზერბაიჯანელი გოგონა, ოჯახებს შორის გარიგების შედეგად დანიშნეს, ხოლო შემდეგ 28 წლის საქმრომ იგი მოიტაცა, ორი თვის მერე კი მოკლა ბავშვი-ცოლი. აითაჯი რამდენჯერმე ცადა გაქცევა თუმცა ყველა ჯერზე დააბრუნეს მოძალადე „ქმართან“.

ავტორი: ბაია პატარაია არის ქალთა უფლებადამცველი და ორგანიზაცია “საფარი”-ს დირექტორი

ადრეული ქორწინება მთელ საქართველოშია გავრცელებული. მონაცემების შეგროვება არ ხორციელდება ჯეროვნად. თუმცა, გვაქვს რამდენიმე საინტერესო მონაცემი: UNICEF-ის (United Nations International Children’s Emergency Fund) 2018 წლის კვლევის მიხედვით 20-24 წლის ასაკის ქალების 14% არასრულწლოვანობაში იყვნენ დაქორწინებულები; ეს მაჩვენებელი სოფლებში 25%, ქალაქებში კი – 8%. ასევე, სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით 2022 წელს 815 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა და დაფიქსირდა 434 მშობიარობა. საინტერესოა დანაშაულების სტატისტიკაც, 2022 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 140 მუხლი, რომელიც გულისხმობს სრულწლოვანის მხრიდან 16 წლამდე პირთან ნებაყოფლობით სქესობრივ კავშირს, სულ 27 საქმე დარეგისტრირდა, საიდანაც 17 საქმეში გოგო იყო ეთნიკურად ქართველი, 9 შემთხვევაში ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ხოლო 1 შემთხვევაში ეთნიკურად სომეხი. რაც შეეხება იძულებით ქორწინებას და მოტაცებას, ანუ თავისუფლების აღკვეთას ქორწინების მიზნით, აღნიშნული დანაშაულების მსხვერპლთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკურ უმცირესობებზე მოდის.

რას გვეუბნება კონონმდებლობა?

ბავშვთა ქორწინებას ხელს უწყობს, ერთი მხრივ, პრობლემური კანონმდებლობა და, მეორე მხრივ, კანონის არაეფექტური აღსრულება. კანონმდებლობის კუთხით გვაქვს რამდენიმე სერიოზული ხარვეზი: ზოგადად პრობლემურია სქესობრივი დანაშაულებების თავი სისხლის სამართლის კოდექსში. მთავარი პრობლემაა ის, რომ თანხმობის არარსებობა გაუპატიურებად არ ითვლება, ანუ გაუპატიურების კვალიფიკაცია საქმეს ენიჭება მხოლოდ დამატებითი ძალადობის არსებობის შემთხვევაში,  რაც ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს კონვენციას ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ, ანუ ე.წ. სტამბულის კონვენციას.

ამასთან, 16 წლამდე პირთან ნებაყოფლობითი კავშირისთვის ნაკლები სასჯელია გათვალისწინებული, ვიდრე გაუპატიურებისთვის. ეს მუხლი გასაუქმებელია: საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად 16 წლამდე პირთან ნებისმიერი კავშირი ნებაყოფლობითი თუ არანებაყოფლობითი უნდა ითვლებოდეს ავტომატურად გაუპატიურებად. პრობლემურია ისიც, რომ ბავშვთა ასაკში ქორწინებას ან ნიშნობას სისხლის სამართლის კანონმდებლობა არ კრძალავს.

ძალიან პრობლემურია აღსრულების საკითხიც. ხშირად ფორმდება საპროცესო შეთანხმებები და არასაპატიმრო სანქციების გამოყენება. ასევე, მსხვერპლ გოგონაზე მოძალადის და ოჯახის ზეწოლის პრევენციას ან დეტექციას ვერ ახდენს საგამოძიებო სტრუქტურები და ხშირად გამოძიება წყდება და იძულებითი ქორწინების შემთხვევებში სამართლებრივი დევნა არ იწყება.  140 მუხლის გამოძიებაც პრობლემურია, ანუ 16 წლამდე პირთან სრულწლოვანის სქესობრივი კავშირის საქმეებს პოლიცია ვერ იძიებს მანამ, სანამ ბავშვი არ დაიბადება. ამ შემთხვევაშიც იდება საპროცესო გარიგებები  არასაპატიმრო სასჯელით. ასევე, ამ დანაშაულის  დასამალად არასრულწლოვანი გოგოები ბავშვის მამის გრაფას არ ავსებენ , მარტოხელა დედებად რეგისტრირდებიან და მხოლოდ მოგვიანებით ხდება ბავშვისთვის გვარის შეცვლა და მამის ასახვა საბუთებში.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან ჩანს, რომ მოძალადეები  საკანონმდებლო ხარვეზებს ბოროტად იყენებენ და შესაბამისად, ნოყიერი ნიადაგი იქმნება ადრეული ქორწინებისთვის. კანონის აღსრულების პრობლემა ქმნის დაუსჯელობის გარემოს და ახალისებს დანაშაულს. სუსტია საგანმანათლებლო პროგრამები და ფაქტობრივად არ მუშაობს რეფერალური მექანიზმი. ბავშვთა და იძულებით ქორწინებაზე ინფორმაცია სკოლიდან არ შესდის არც სოციალურ სამსახურს და არც პოლიციას. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში არ ხდება არც სკოლის თანამშრომლების და არც საჯარო მოხელეების მიცემა.

როგორც ვხედავთ, პრობლემა სისტემურია და დისკრიმინაციულია გოგოების მიმართ, ხოლო ეთნიკური წარმომავლობა კიდევ უფრო ამძიმებს დისკრიმინაციას სახელმწიფო სტრუქტურების მიერ.

სად არის გამოსავალი?

პირველ რიგში უნდა დაიწყოს არსებული კანონმდებლობის ეფექტური აღსრულება და რეალური სასჯელების გამოყენება, როგორც დანაშაულის ჩამდენის მიმართ, ისე თანამონაწილეების მიმართაც და შეუტყობინებლობის ფაქტებზე. საჭიროა კანონმდებლობის დახვეწა: 18 წლამდე ნიშნობები და არარეგისტრირებული ქორწინებები უნდა განისაზღვროს იძულებით ქორწინებად; უნდა გაუქმდეს შედარებით მსუბუქი სპეციალური მუხლი 16 წლამდე პირთან სრულწლოვანის სქესობრივი კავშირისა და ჩაითვალოს პირდაპირ გაუპატიურებად არასრულწლოვანის მიმართ, რაც მძიმე დანაშაულია. არსობრივად შესაცვლელია სქესობრივ დანაშაულებთან ბრძოლის მიდგომა, როგორც კანონმდებლობის, ისე აღსრულების კუთხით.

ზოგადად კი, ადრეული ქორწინების პრობლემის აღმოფხვრას სჭირდება უფრო ფართო მუშობა: პრევენციის გაძლიერება, განათლების სისტემის დახვეწა, რეფერალური სისტემის ამუშავება, ცნობიერების ამაღლების კამპანიები და სამართალდამცავი ორგანოების ეფექტიანი მუშაობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version