საქართველოს იანვარ-ივნისში 2.86 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ამის შეხახებ ინფორმაცია ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 17 ივლისს გამოაქვეყნა. მოცემული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ვიზიტორთა ეს რაოდენობა პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74%-იანი აღდგენაა. ამავდროულად, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ 75.9%-ს მიაღწია.
კერძოდ მეორე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 1.65 მილიონს წარმოადგენდა. ეს პანდემიამდე არსებული მონაცემების 73.6%-იანი აღდგენაა და 2022 წელთან შედარებით 57.4%-იანი ზრდა.
რაც შეეხება საერთაშორისო ტურისტულ ვიზიტებს, 2023 წლის პირველ და მეორე კვარტალში ქვეყანაში 1.93 მილიონი ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემების 90.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 59.6%-ს შეადგენს.
ამასთან, აპრილი-ივნისის პერიოდში საქართველოში 1.09 მილიონი საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც წარმოადგენს 2019 წლის მონაცემის 87.2% აღდგენას და წინა წელთან შედარებით 44.8%-იან ზრდას.
ადმინისტრაციის ცნობით, „საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს“.