საქართველოში სამხედრო სწავლება – „კავკასიის არწივი 2022“ დაიწყო

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით 11 ოქტომბერს საქართველოში ერთობლივი სწავლება „კავკასიის არწივი 2022“ გაიხსნა. წელს სწავლებას საქართველო მასპინძლობს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების მიზანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების მიერ სპეციალური ძალების შესაძლებლობების სინქრონიზაციისა და კოორდინაციის გაღრმავება, ასევე გამოცდილების გაზიარება, ურთიერთთავსებადობის ამაღლება და მრავალეროვნულ გარემოში მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება.

ამავე ინფორმაციით, სწავლებაში მონაწილე სპეციალური დანიშნულების ჯგუფები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ საცეცხლე და სამედიცინო მომზადებაში, დასახლებულ პუნქტში ბრძოლასა და სპეციალური ოპერაციების შესრულებაში.

სწავლების გახსნის ცერემონია მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში ჩატარდა.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ და თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა.

სწავლება როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ყოველწლიურად ტარდება. გასულ წელს სწავლებას თურქეთმა უმასპინძლა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version