სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა

საქართველოს მთავრობამ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და რიგითმა მოქალაქეებმა სოხუმის დაცემის 28-ე წლისთავზე, თბილისში, გმირთა მოედანზე მდებარე ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულთა მემორიალი მოინახულეს და გარდაცვლილ გმირებს პატივი მიაგეს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ „დღევანდელი თარიღი განასახიერებს თითოეული ჩვენგანისთვის უაღრესად მტკივნეულ, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენი აფხაზეთის მკვიდრთა განუზომელი დარდის, ადამიანური ტრაგედიებითა და მსხვერპლით გამოწვეული განუზომელი ტკივილის, ასიათასობით დევნილის განსაცდელის და ჩვენი უამრავი თანამოქალაქის ცრემლიან ისტორიას“.

„ჩვენ ყველამ ერთად, სწორედ ჩვენი გმირების ქვეყნისთვის თავგანწირვის სულისკვეთებით, დაუღალავი შრომით და გაძლიერებული ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ სამშვიდობო პროცესის განხორციელება, რათა მივაღწიოთ ჩვენი ხალხის გაერთიანებას, აფხაზთა და ქართველთა კეთილდღეობას, საერთო, ძლიერ და ევროპულ სახელმწიფოში“, – განაცხადა მანვე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მთელმა საზოგადოებამ 27 სექტემბერი ისეთ დღედ უნდა ვაქციოთ, „როდესაც პირად ტრაგედიაზე მაღლა დავაყენებთ ჩვენი სამშობლოს ტრაგედიას“. „ჩვენი თაობის ვალია, რომ ჩვენმა შემდეგმა და ყველა თაობამ იცოდეს, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული“, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ რა დროც უნდა გავიდეს, „ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ“ და არ შევეგუოთ ოკუპაციას.

პარლამენტის სპიკერის, კახა კუჭავას თქმით, „აუცილებელია“, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ამ „ტრაგიკული“ დღის  შესახებ ინფორმაცია „სწორად იქნას მიწოდებული, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობებისთვის“. „პირველ რიგში, ეს არის ნდობის და ძმობის აღდგენა, რომლითაც  შევძლებთ, გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა“, – დასძინა მანვე.

პრემიერმა ღარიბაშვილმა, რომელმაც მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, Facebook-ზე დაწერა – „მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვწევს ძალა, დავძლიოთ ომის მძიმე შედეგები და ვიშრომოთ აფხაზთა და ქართველთა საერთო მომავლისათვის, მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“.


რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის დაცვის მოტივით, თბილისმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამხედრო ძალები 1992 წელს გაგზავნა. 1993 წლის 16 სექტემბერს, 27 ივლისის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხების დარღვევით, აფხაზი ბოევიკებისა და რუსეთის ფედერაციიდან დაქირავებულების მიერ სოხუმზე თავდასხმის შემდეგ, სამთავრობო ძალები იძულებულნი გახდნენ, რომ რეგიონი დაეტოვებინათ. რამდენიმედღიანი ქუჩის ბრძოლების შემდეგ, 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

27 სექტემბერი საქართველოში აფხაზეთზე კონტროლის დაკარგვასთან და ქართველების ეთნიკურ წმენდასთან ასოცირდება. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული კონფლიქტის დროს 12 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 300 000 ადამიანი, ძირითადად ეთნიკური ქართველები, დევნილად იქცა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version