ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12 ნოემბერს 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა, რომელმაც ოფიციალურად დაადასტურა გიორგი მარგველაშვილის არჩევნებში გამარჯვება.
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებზე სულ 1 660 976 ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბნებზე, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლების 46.95%–ს შეადგენს.
არჩევნების საბოლოო შედეგები:
გიორგი მარგველაშვილი, კოალიცია ქართული ოცნება – 1 012 569 ხმა (62.12%)
დავით ბაქრაძე, ნაციონალური მოძრაობა – 354 103 ხმა (21.72%)
ნინო ბურჯანაძე – 166 061 ხმა (10.19%)
შალვა ნათელაშვილი – 46 984 ხმა (2.88%)
გიორგი თარგამაძე – 17 354 ხმა (1.06%)
დანარჩენმა 18 კანდიდატმა ხმების 1%–ზე ნაკლები მიიღო თითოეულმა. უფრო დეტალურად შედეგები იხილეთ რუკაზე.
სამი კანდიდატი (მარგველაშვილი, ბაქრაძე და ბურჯანაძე), რომელთაც ხმების 10%–ზე მეტი მიიღეს, სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს კამპანიის ხარჯების დასაფარად თითოეული არაუმეტეს 1 მილიონი ლარის ოდენობით.
მარგველაშვილმა არჩევნები 73–ივე ოლქში მოიგო; ყველაზე მეტი ხმა, 94.21%, მან საჩხერის რაიონში, ხოლო ყველაზე ნაკლები, 45.8%, სენაკში დააგროვა.
სულ სამი ოლქია, სადაც მარგველაშვილმა მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე ნაკლები მიიღო; ესენია: სენაკი, ზუგდიდი და დმანისი.
ბაქრაძემ ყველაზე მეტი ხმა დმანისის ოლქში მიიღო – 41.53%, სადაც მარგველაშვილმა ხმების 47.29% მოიპოვა – ეს ყველაზე ნაკლები სხვაობაა ორ კანდიტატს შორის. შემდეგ მოდის ზუგდიდი, სადაც ბაქრაძემ ხმების 40.81% მიიღო, ხოლო მარგველაშვილმა – 46.61%.
ყველაზე ნაკლები ხმა – 6.6% – ბაქრაძემ ამომრჩეველთა რაოდენობით ყველაზე მცირე ყაზბეგის ოლქში მიიღო.
ყაზბეგი ის ოლქი იყო, სადაც ბურჯანაძემ ყველაზე მეტი ხმა მიიღო – 19.12%; შემდეგ მოდის ონი – 18.5%. სხვა ოლქები, სადაც მან უკეთესი შედეგები აჩვენა იყო თელავი (14.29%), წალკა (17.57%) და ცაგერი (16.72%), ასევე აჭარის ექვსი ოლქიდან ხუთი – ხელვაჩაური (17.27%), ქედა (16.81%), ხულო (16.78%), შუახევი (16.39%) და ბათუმი (14.96%); თიანეთში მან ხმების 15.52% მიიღო და 15%–მდე ნინოწმინდაში, ასპინძასა და ლენტეხში დააგროვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)