ივანიშვილი ‘აფხაზ ძმებთან’ შერიგების საჭიროებაზე საუბრობს

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 27 სექტემბერს, რომ თუ ქართველები და აფხაზები მოახერხებენ ურთიერთნდობის აღდგენას, „მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას ანგარიშს გაუწევს რუსეთის ფედერაციაც“.

მან ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა მას შემდეგ, რაც „სოხუმის დაცემის“ 20 წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, რითიც პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას. აფხაზეთში 27 სექტემბერი სოხუმის „გათავისუფლების“ დღედ აღინიშნება.

„ეს იყო დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს დღე გვახსენებს ჩვენ ომის დამღუპველ შედეგებს – ნგრევას, დევნას, უსახლკარობას“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„უდიდესი დანაკლისი განვიცადეთ ქართველებმა და აფხაზებმა ამ ომში. ვერავინ დაგვიბრუნებს დაღუპულებს“, – განაცხადა მან.

„ძალიან მძიმეა დევნილი მოსახლეობის ხვედრი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალშიც იმისთვის, რომ მათ ღირსეული ცხოვრება შეეძლოთ ჩვენს ქვეყანაში, ღირსეული ინტეგრაცია მოახდინონ ახალ პირობებში და მანამ გავაგრძელებთ დახმარებას და თანადგომას, სანამ არ დაუბრუნდებიან საკუთარ მიწა–წყალს, საკუთარ სახლკარს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ქართველ მოსახლეობას და არა მარტო ქართველ მოსახლეობას; გარწმუნებთ, რომ არანაკლებ მძიმე ხვედრია აფხაზი მოსახლეობის“, – განაგრძო მან, „სირცხვილია, რომ 21–ე საუკუნეში ჩვენ გვიწევს პირობითი და მოგონილი გამყოფი ხაზების სხვადასხვა მხარეს ცხოვრება“.

„ოცი წელი გავიდა და ჩვენ უნდა გავაკეთოთ დასკვნები და უნდა მოვახერხოთ ჩვენი მტკიცე ხასიათით, ჩვენი ისტორიის პატივისცემით დავიწყოთ ურთიერთობის აღდგენა. სხვა ხელისუფლებებისგან განსხვავებით, აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ ჩვენ ვიფიქროთ რაიმე ტიპის აგრესიაზე ან ის ძალადობა, რაც ჩვენ მოვახერხეთ, ძალითვე გვქონდეს აზრად რომ აღვადგინოთ. ჩვენ მხოლოდ ძმობით, მხოლოდ სიყვარულით უნდა შევძლოთ და დავიწყოთ ურთიერთობების აღდგენა“, – განაცხადა მან.

„ის, რომ ჩვენ ახალი ხელისუფლება ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი გავხდეთ, ჩვენ ჭეშმარიტად მოვახერხებთ და ავაღორძინებთ საქართველოს, დავაფუძნებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მაქსიმალურ პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებს – მხოლოდ ამის საფუძველზე შეიძლება მოვახერხოთ და დავიბრუნოთ ნდობა ძმებს შორის“.

„ჩვენ ვიქნებით გულწრფელი ურთიერთობაში და მხოლოდ სითბოთი და სიყვარულით შევეცდებით აღვადგინოთ ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, ამას მხარს დაუჭერს საერთაშორისო თანამეგობრობა“, – განაცხადა მან.

„ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე. ჩვენ გულს გავუხსნით ჩვენ აფხაზ ძმებს… ჩვენ გავხსნათ ცალმხრივად და მივცეთ მათ საშუალება ნახონ სითბო ჩვენგან“, – განაცხადა მან.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ისინი გადმოვიდნენ ე.წ. საზღვრებს აქეთ. ჩვენ პირველებმა დავიწყოთ. ჩვენ ვართ ძალიან გულწრფელნი და დარწმუნებული ვარ, რომ გულწრფელობა, ჩვენი ისტორია, ჩვენი სიყვარული ითამაშებს როლს… მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ სიყვარულით ჩვენ მოვახერხებთ დავიბრუნოთ ჩვენი ძმობა და ერთობა“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version