ივანიშვილი ჯანდაცვის მინისტრთან დაპირისპირების გამო დავითაშვილს ‘ეჩხუბა’

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ამჟამად სტრასბურგში იმყოფება, განაცხადა ორშაბათს, რომ ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ „უსაფუძვლო“ ბრალდებების წაყენების გამო იგი ქართული ოცნების დეპუტატს კობა დავითაშვილს "ეჩხუბა".

კობა დავითაშვილი ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შედეგად ქართული ოცნების პარტიული სიით შევიდა პარლამენტში; თუმცა მისი ხალხის პარტია არ არის წარმოდგენილი კოალიციაში შემავალ ექვს პარტიას შორის. მან განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის სქემის შემუშავებისას სადაზღვევო კომპანიების ინტერესებს ლობირებდა.

„ჯანდაცვის სამინისტრო სადაზღვევო კომპანიების სამინისტროა, თუ ექიმების, პაციენტების და ჯანმრთელობის სამინისტროა? ყველა გადაწყვეტილება აწყობს მხოლოდ სადაზღვევო კომპანიებს და დანარჩენს არავის“, – განაცხადა კობა დავითაშვილმა და ჯანდაცვის სამინისტროს საკუთარი გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა.

სერგეენკომ უარყო დავითაშვილის ბრალდებები, როგორც უსაფუძვლო და განაცხადა 22 აპრილს, რომ დავითაშვილი „ბრალს მდებს ძალიან მძიმე დანაშაულში – კორუფციაში მაღალი რანგის მოხელის მიერ; მან დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს, ან მოიხადოს საჯაროდ ბოდიში“.    

როდესაც პრემიერ–მინისტრს ქართული ოცნების დეპუტატსა და მისი მთავრობის წევრს შორის დაპირისპირებაზე ჰკითხეს, მან უპასუხა ქართველ ჟურნალისტებს სტრასბურგში, რომ ამ საკითხზე დაურეკა დავითაშვილს – „საკმაოდ ვეჩხუბე, რადგანაც მან უნდა მოახერხოს და ჯერ საკუთარ გუნდში უნდა გააკეთოს განმარტებები“.   

„მე მას ავუხსენი, რომ თუ მას სურს გუნდში დარჩენა, გუნდს რაღაც ანგარიში უნდა გაუწიოს და ინფორმაცია მაინც ჯერ გუნდში გააჟღეროს და არა გარეთ“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა და დასძინა, რომ დავითაშვილის ბრალდებები უსაფუძვლო და „ხელოვნურად მოგონილია“.

„სერგეენკო არის უპატიოსნესი კაცი“, – განაცხადა ივანიშვილმა ჯანდაცვის მინისტრის შესახებ, რომელიც მინისტრის პოსტის დაკავებამდე საჩხერეში ივანიშვილის მიერ მისი საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში დაფინანსებულ საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version