ლავროვი საქართველოს მთავრობის ‘პრაგმატიზმს’ მიესალმება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთს მოსწონს პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის მთავრობის „პრაგმატული“ მიდგომა რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების მიმართ.

რუსულენოვან არხთან, RTVi-სთან ინტერვიუში ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი „პატივს სცემს“ ქართველი ხალხის მიერ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გაკეთებულ არჩევანს. „ჩვენ ვცდილობდით არანაირი კომენტარი არ გაგვეკეთებინა იმაზე, თუ რა ხდებოდა საქართველოს შიდა პოლიტიკურ არენაზე“, – განაცხადა მან.

„კმაყოფილი ვართ იმით, რომ ხელისუფლებას სურს პრაგმატულად მოაგვაროს ის საკითხები, რომლებიც ჩვენს ურთიერთობებში არსებობს: სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობის აღდგენა“, – განაცხადა ლავროვმა.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ფუნდამენტური სხვაობა, მათ შორის სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, კვლავ დარჩება.

„არა მგონია, რომ საქართველოში გამოჩნდება პოლიტიკოსი პროგნოზირებად მომავალში, რომელიც იტყვის: ‘მოდით, დავივიწყოთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შესახებ’. მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთშიც არ გამოჩნდება პოლიტიკოსი, რომელიც იტყვის: ‘ჩვენ არასწორები ვიყავით’“, – განაცხადა მან.

ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა 2008 წლის აგვისტოში სამხედრო ინტერვენცია მხოლოდ ერთი განზრახვით განახორციელა, რათა „სისხლისღვრა შეეჩერებინა“. მისი თქმით, რუსეთის განზრახვა არ ყოფილა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება. „არავის არც უფიქრია ამაზე“, – განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ მოსკოვმა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა ამ ორი რეგიონის აღიარება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ თავისი „რევანშისტული სიგნალები“ განაგრძო.

„ჩვენ ყოველთვის გვინდოდა მეგობრობა და თანამშრომლობა ჩვენს ქართველ მეზობლებთან და მათი დახმარება პრობლემების მოგვარებაში და რომ არა 2008 წლის აგვისტოს ავანტიურა, ჩვენ შევძლებდით სერიოზული პროგრესის მიღწევას ამ მიმართულებით“, – განაცხადა მან.

„ურთიერთობები მუდმივად იძაბებოდა მიხეილ სააკაშვილის მიერ. მან, ჩემი აზრით, დამანგრეველი წვლილი შეიტანა ბევრი ახალგაზრდა ქართველის სულებსა და გონებაში. იგი თანმიმდევრულად ატარებდა პოლიტიკას, რომელიც ხალხის ყოველდღიური ცხოვრებიდან რუსული ენის, რუსული კულტურის და ისტორიული კავშირების შესახებ მეხსიერების „ამოშლას“ ისახავდა მიზნად“, – განაცხადა ლავროვმა.

„როგორც კი მას ესმის, რომ ივანიშვილი ან მისი მინისტრები რაიმე დადებითს ამბობენ რუსეთთან ურთიერთობების შესახებ, ის აუცილებლად იწყებს საუბარს საპირისპირო მიმართულებით. არა მგონია, რომ მსოფლიოში მას ვინმე კიდევ უსმენს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version