ანქვაბი: თუ რკინიგზის გახსნაზე კონკრეტული წინადადებები იქნება, მათ ‘კოლექტიურად განვიხილავთ’

სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ აფხაზეთის გავლით საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით სოხუმისთვის ჯერ არავის მიუმართავს და თუკი ასეთი შემოთავაზება იქნება, მას „კოლექტიურად განვიხილავთ“ რამდენად უღირს ეს რეგიონს და „როგორი მიზნები და ინტერესები ამოძრავებთ“ დაინტერესებულ მხარეებს.

ეს განცხადება, "აფსნიპრესის" ცნობით, ანქვაბმა 18 იანვარს სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც მას ჰკითხეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით, რომელიც მან 17 იანვარს სომხეთში ვიზიტის დროს გააკეთა და რომლის დროსაც სომხურმა მხარემ ასევე გამოთქვა დაინტერესება ამ საკითხის რაც შეიძლება სწრაფად მოგვარებაში.

ერევანში ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას შესაძლებლად მიაჩნია სეპარატისტული აფხაზეთის გავლით საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის უხლოეს პერიოდში  აღდგენა, თუმცა დასძინა, რომ საკითხი მარტივი გადასაწყვეტი არ არის რუსეთთან პრობლემური ურთიერთობების და „არცთუ ადვილი ურთიერთობების“ გამო „ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან“.
  
“არავითარი მომართვა ამასთან დაკავშირებით არცერთი მხრიდან არ ყოფილა. არავითარი დადებითი იმპულსები „აფხაზი ძმების“ მხრიდან, როგორც ამგვარად თქვენი სიტყვებით, ივანიშვილმა გამოთქვა, არ ყოფილა. ყველაფერ ამაზე თქვენ შეგიძლიათ კითხოთ მას“, – განუცხადა ანქვაბმა პარასკევს ჟურნალისტებს სოხუმში.

„თუ რაიმე კონკრეტული წინადადებები შემოვა ჩვენთან, მაშინ დავსხდებით და მათ კოლექტიურად განვიხილავთ“, – აღნიშნა მან.

„ბუნდოვანი წარმოდგენა მაქვს ყველაფერი ეს როგორ შეიძლება განხორციელდეს“, – განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა და მოიყვანა საბჭოთა პერიოდის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც სამხრეთ კავკასიაში გადაზიდული ტვირთების დაახლოებით 13-15% აფხაზეთის მონაკვეთზე მოდიოდა. 

„ახლა რა არის შესაძლებელი, მე მიჭირს ამის თქმა“, – განაგრძო მან, „ამაზე სპეციალისტები უნდა დასხდნენ და განიხილონ; დათვალონ, თუ რა შეიძლება მიიღოს აქედან აფხაზურმა მხარემ; ღირს თუ არა ამად; როგორი მიზნები და ინტერესები ამოძრავებთ შესაძლო პროცესის მონაწილეებს. ჯერ-ჯერობით ყველაფერი საკმაოდ ბურუსით მოცულია“.

ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, რკინიგზის გახსნა საკმაოდ დიდ თანხებს მოითხოვს, ვინაიდან რეგიონში არსებული რკინიგზა მწყობრში არ არის.

„ფსოუდან სოხუმამდე გზის მონაკვეთის ეფექტურობა შეიძლება სამიანზე შეფასდეს. ოჩამჩირემდე მონაკვეთს შეიძლება ვუწოდოთ პირობითი გზა, ხოლო ოჩამჩირეს იქით საერთოდ არაფერი არ არის. იმისათვის კი, რომ რკინიგზა სრულყოფილი იყოს, საჭიროა მრავალმილიარდიანი ინვესტიციები“, – განაცხადა მან.

აფხაზეთის მონაკვეთზე სარკინიგზო მიმოსვლა 90-იან წლებში შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ შეწყდა, თუმცა 2004 წლის ბოლოს რუსეთმა სეპარატისტულ რეგიონთან რკინიგზა სოჭი-სოხუმის მონაკვეთზე გახსნა.

2006 წლის დასაწყისში საქართველოსა და რუსეთს შორის წარმოებდა მოლაპარაკებები, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ სომხეთისა და სეპარატისტული აფხაზეთის წარმომადგენლები, შესაძლო ერთობლივ კონსორციუმზე, რომელიც მიზნად ისახავდა რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის რეაბილიტაციას. თუმცა ამ მრავალმილიონიან პროექტზე მაშინდელ მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰყოლია.

აფხაზეთის გავლით რუსეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენის თემა კვლავ მას შემდეგ წამოიწია, რაც ბიძინა ივანიშვილმა პირველად თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გააჟღერა ეს საკითხი. სომხეთში ვიზიტის დროს მისი მხრიდან ამ თემაზე გაკეთებულ მორიგ განცხადებას ნეგატიურად გამოეხმაურა პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ის რკინიგზის გახსნის წინააღმდეგია. 

ნოემბერში აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით საქართველოში ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში, რესპოდენტთა 68%-მა განაცხადა, რომ დადებითად უყურებს საქართველოსა და რუსეთს შორის აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის პერსპექტივას; მხოლოდ 6%-მა გამოხატა სკეპტიკური დამოკიდებულება, ხოლო გამოკითხულთა 24%-მა განაცხადა, რომ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია.

This post is also available in: English Русский

Exit mobile version