პრეზიდენტმა სააკაშვილმა ის ელჩები გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობებიდან, რომელთა გამოწვევაც საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს სურდა, განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.
გათავისუფლებულ ელჩებს შორის არიან საქართველოს ელჩი გერმანიაში გაბრიელა ჰასბურგ- ლოტრინგენი, რომელიც ამ პოსტზე პარლამენტმა 2009 წლის ნოემბერში დაამტკიცა; ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე, რომელიც ამ პოსტზე 2008 წლის დეკემბერში დამტკიცდა; ელჩი ბელგიასა და ევროკავშირში სალომე სამადაშვილი, რომელსაც ელჩის თანამდებობა 2005 წლის აპრილიდან უკავია.
მათ შორის ასევე არიან: მამუკა ჟღენტი, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი 2011 წლის დასაწყისიდან; ელჩი ჩინეთში მამუკა გამყრელიძე, რომელიც ამ თანამდებობაზე 2011 წლის ივნისში დაინიშნა; ელჩი თურქეთში ზურაბ პატარაძე, რომელიც ამ პოსტზე შარშან ივნისში დამტკიცდა; ელჩი ყაზახეთში დავით მუმლაძე; ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე; ელჩი ლიტვაში გიორგი ქერდიყოშვილი და ელჩი ბულგარეთში ლევან მეტრეველი.
საგარეო საქმეთა მინისტრს ასევე უნდოდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გაეროში საქართელოს ელჩების, თემურ იაკობაშვილის და ალექსანდრე ლომაიას გათავისუფლება თანამდებობიდან; ორივე მათგანმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განაცხადეს, რომ გადადგომას აპირებდნენ.
საგარეო საქმეთა მინისტრს ასევე სურდა რამდენიმე ელჩის ჩანაცვლება დიპლომატიური როტაციის ფარგლებში. ესენი არიან: პაატა გაფრინდაშვილი- ავსტრიის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. იგი ამ პოსტზე 2009 წლის მარტში დამტკიცდა; კონსტანტინე კორკელია – ლატვიაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რომელიც ამ პოსტზე 2007 წლის ოქტომბრიდან მსახურობს; ნინო ნაკაშიძე – ჩეხეთის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ზვიად ჭუმბურიძე- უნგრეთში საქართველოს ელჩი; ორივე მათგანი პარლამენტმა პრეზიდენტის წარდგინებით 2008 წლის დეკემბერში დაამტკიცა.
საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 57 ადგილას აქვს დიპლომატიური მისიები, რასაც ემატება მუდმივმოქმედი წარმომადგენლობები რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში.