პრეზიდენტი სააკაშვილი 6 ოქტომბერს პარლამენტში სიტყვით გამოვა და დეპუტატებს ”ახალ ხედვას გააცნობს, რომელიც უკავშირდება ეკონომიკურ სიახლეებს,” განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.
”ეს იქნება მხოლოდ საწყისი ხედვა; პრეზიდენტი გაგვაცნობს კონკრეტულ წინადადებებს, თუ როგორ ხედავს ის და როგორ ხედავს მთავრობა ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას. შემდეგ უკვე მთავრობა იმსჯელებს ამ საკითხზე და პარლამენტში შემოვა კონკრეტული კანონპროექტი,” – განაცხადა ბაქრაძემ.
18 სექტემბერს პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან, ეკონომიკის მინისტრთან ზურაბ პოლოლიკაშვილთან და ფინანსთა მინისტრთან კახა ბაინდურაშვილთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობას ”ეკონომიკური პროგრამის ახალ ეტაპზე” გადასვლა დაავალა.
იმ შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ მთავრობამ უნდა მოამზადოს და პარლამენტს წარუდგინოს ახალი პაკეტი, რათა ”შევძლოთ უფრო მყარი გარანტიების შექმნა საკუთრებისთვის, უფრო მყარი გარანტიების შექმნა ზოგადად ინვესტიციებისთვის, უფრო მყარი გარანტიების შექმნა და შესაძლებლობების შექმნა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ გაიუმჯობესონ ეკონომიკური მდგომარეობა”.