შამბა: რუსული ბაზები უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა

სოხუმი და მოსკოვი ახლოს არიან სამხედრო შეთანხმების გაფორმებასთან, რაც ითვალისწინებს სეპარატისტულ რეგიონში ორი რუსული სამხედრო ბაზის განთავსებას ოჩამჩირესა და გუდაუთაში, განაცხადა სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 2 მარტს.

”ჩვენ დაინტერესებული ვართ აქ რუსული ბაზების ყოფნით, რადგან მათში ვხედავთ ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთ მყარ გარანტიას,”- იუწყება ”აფსნიპრესი” შამბას სიტყვებზე დაყრდნობით, ”ამ თვალსაზრისით ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ  ეს ბაზები რაც შეიძლება სწრაფად განთავსდეს”.

მისი თქმით, მოსკოვი ასევე აპირებს დაეხმაროს სოხუმს ადმინისტრაციული საზღვრების დაცვაში, მათ შორის საჭირო ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით.

”ჩვენ გვაქვს გრძივი [ადმინისტრაციული] საზღვარი საქართველოსთან, რომლის დამოუკიდებელი კონტროლი გვიჭირს, ჩვენი მეზობლის აგრესიული ხასიათის გათვალისწინებით,”- განაცხადა მან, ”ჩვენ რომ ნორმალური ურთიერთობები გვქონდეს საქართველოსთან, ჩვენ სხვანაირად გადავწყვეტდით ამ საკითხებს. მაგრამ რეალობის გათვალისწინებით, დიდი საჭიროებაა რუსეთთან თანამშრომლობისა სამხედრო და საზღვრის დაცვის საკითხებში”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version