რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დღეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ელჩები დანიშნა. აფხაზეთში სემიონ გრიგორევი დაინიშნა, ხოლო სამხრეთ ოსეთში – ელბრუს კარგიევი.
”მინდა გამაცნოთ თქვენი წინადადებები იმის შესახებ, თუ როგორ წარმართავთ მუშაობას. ასევე მინდა გითხრათ, რომ თქვენ იწყებთ მუშაობას საკმაოდ რთულ პერიოდში – ეს ახალგაზრდა ქვეყნებია, სადაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი – საერთაშორისო სამართლის ამ ახალი სუბიექტების სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისითაც. მე მინდა, რომ ჩვენს მოკავშირეებს ამ კუთხითაც აღმოუჩინოთ მხარდაჭერა,” – განუცხადა მედვედევმა სეპარატისტულ რეგიონებში დანიშნულ ელჩებს 24 ოქტომბერს.
რუსეთმა საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 26 აგვისტოს სცნო. მოგვიანებით ამ რეგიონების დამოუკიდებლობა ნიკარაგუამაც აღიარა.