საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესი დაუყონებლივ უნდა განახლდეს, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზამ 12 ნოემბერს თბილისში.
ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს და პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს. ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილთან.
”დღეს ამერიკის მთავრობისთვის უმთავრესი პრიორიტეტი საქართველოში დემოკრატიაა. აშკარაა, რომ რაც ბოლო დროს მოხდა, დარტყმა მიაყენა ამ სისტემას,” – განუცხადა მან ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ”ჩვენ გვინდა, რომ დემოკრატიული განვითარების პროცესი განახლდეს რაც შეიძლება სწრაფად და განვიხილავთ პრაქტიკულ ნაბიჯებს ამ კუთხით”.
მან ასევე განაცხადა, რომ 5 იანვარს დაგეგმილი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს და ”ამისთვის რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადაიდგას დაუყონებლივ, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის მოხსნა და ყველა ტელევიზიის მაუწყებლობის აღდგენა”.