მომავალ კვირას პრეზიდენტი პარლამენტში წარადგენს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს, რომელზეც ამჟამად კონსულტაციები მიმდინარეობს, განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი ქიტოშვილმა 6 სექტემბერს.
”წარდგენა მოხდება მომავალი კვირის ორშაბათს ან სამშაბათს,”- აღნიშნა მან.
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ თავი აარიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობის ირგვლივ წარმოქმნილ დაპირისპირებაზე კომენტარის გაკეთებას მას შემდეგ, რაც 5 სექტემბერს პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა შედგა.
პარლამენტის სპიკერმა 4 სექტემბერს პრეტენზიები გამოთქვა იმის გამო, რომ კანდიდატურად მასთან შეუთანხმებლად შეირჩა პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის კადრი ლექსო ალექსიშვილი, რომელსაც მთავრობის გადახალისებამდე ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა. ბურჯანაძის ამ პრეტენზიებს პრეზიდენტმა და მმართველმა უმრავლესობამ იგნორირება გაუკეთა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბურჯანაძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის გაყვანა სურს.
”მე არ მგონია, რომ ბურჯანაძემ შეიცვალოს აზრი,”- განაცხადა დეპუტატმა ნინო ნაკაშიძემ, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის გუნდში მოიაზრება.
რაც შეეხება განახლებული მთავრობისა და მისი პროგრამისათვის ნდობის გამოცხადებას, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ამ საკითხს ხვალ 12 საათიდან განიხილავს.