ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში 13 აგვისტოს გვიან ღამით მომხდარი არეულობის შედეგად სულ ცოტა 12 პატიმარი დაშავდა, რომლებიც გვიან ღამით ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი კვლავ კოლონიაში დააბრუნეს.
სასჯელარსრულების დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის სალომე მახარაძის ინფორმაციით, დაპირისპირება მოხდა მსჯავრდებულებს შორის. მსჯავრდებულებმა სცემეს ბადრაგს, ჩაამსხვირეს შენობის მინები, რის შემდეგაც მობილიზებული იყო სამართალდამცავები და სპეც-დანიშნულების რაზმი, თუმცა სპეც-დანიშნულების რაზმი კოლონიაში არ შესულა, რადგან სიტუაცია მალევე განიმუხტა.
მახარაძემ ხაზი გაუსვა რომ ინციდენტი პატიმრებს შორის მოხდა და მათ ციხის ადმინისტრაციის მიმართ არანაირი მოთხოვნა არ წამოუყენებიათ.