თბილისი მოუწოდებს უცხოელ ინვესტორებს არ შეიძინონ ქონება სეპარატისტულ რეგიონებში

თბილისი მოუწოდებს უცხოელ ინვესტორებს თავი შეიკავონ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში სეპარატისტული რეჟიმების მიერ კერძო და სახელმწიფო საკუთრების უკანონო გასხვისებასთან დაკავშირებულ ოპერაციებში მონაწილეობისაგან, რადგან ამგვარი გარიგება საქართველოს კანონმდებლობით ბათილადაა ცნობილი.


”ყველა უცხოელ ინვესტორს, რომელიც განახორციელებს ამგვარ გარიგებას, დაეკისრება როგორც სამოქალაქო ისე შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, კონფლიქტის რეგიონებში საქართველოს იურისდიქციის სრული აღდგენისთანავე ნებისმიერი უკანონოდ გასხვისებული ქონება მის კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება,”- აცხადებს საგარეო საქმეთა სამინიტრო 30 ივლისს.


ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი მანჯგალაძემ 30 ივლისს საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

საქართველოს ხელისუფლებას უკანონო პრივატიზაციაში მონაწილეობის გამო ძირითადად პრეტენზიები რუსეთის ფედერაციასთან აქვს. ცოტა ხნის წინ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც საუბარია აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების, გუბერნატორის, ფინანსური მაგნატის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ შეძენილ 31 ობიექტზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version