თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სარწყავი წყლის მიწოდება ქართული სოფლებისათვის აღდგენილია, იუწყება ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 3 ივლისს.
ამავე ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ”შედგა შეხვედრა პრეზიდენტ კოკოითსა და ქართული სოფლების მცხოვრებლებს შორის 2 ივლისს”. თუმცა აღნიშნული შეხვედრის ნამდვილობის სხვა დადასტურება არ არსებობს.
”სარწყავი წყლის მიწოდება აღდგა კეთილი ნების სადემონსტრაციოდ… ქართული სოფლების წარმომადგენელთა თხოვნის შესაბამისად,”- აცხადებს ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.
იმავდროულად, რეგიონის ქართული სოფლების მოსახლეობა აგრძელებს ცხინვალისკენ მიმავალი გზის ბლოკირებას. ადგილობრივი გლეხები უკვე მეორე დღეა ამ ფორმით წყალმომარაგების აღდგენას ითხოვენ.