ნატოს შტაბბინაში ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა

დღეს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა 26+1 ფორმატში, სადაც ქართულმა მხარემ ალიანსს წარუდგინა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განახლებული ვერსია. 


სხდომის წინ ნატოს შტაბ-ბინაში შედგა საქართველოს  დელეგაციის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან იააპ დე ჰოოპ სხეფერთან, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება. 


26+1 ფორმატში სხდომაზე ქართულ დელეგაციას წარმოადგენდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია.


სხდომაზე განხილულ იქნა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხები და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები. 


”ალიანსის წევრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე ყოვლისმომცველი რეფორმების პროცესისადმი,”- იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version