რუსეთის უწყებათაშორისი დელეგაცია თბილისსა და ცხინვალს ეწვევა

23 აპრილს საქართველოში ჩამოდის რუსეთის უწყებათაშორისი დელეგაცია რუსეთის პრემიერის თანაშემწის გენადი ბუკაევის ხელმძღვანელობით, რომელიც შეხვედრებს გამართავს თბილისსა და ცხინვალში და განიხილავს ცხინვალის რეგიონში ეკონომიკური რეაბილიტაციის საკითხებს, იუწყება რუსეთის საგარეო უწყება.


საუბარია 2006 წლის ივნისში ბრიუსელის დონორთა კონფერენციის ფარგლებში განსახორციელებელ ეკონომიკურ აქტივობებზე, რისთვისაც რუსეთმა 3 მლნ ევროს  გამოყოფაზე განაცხადა თანხმობა იმ პირობით, თუ ეს თანხა დანარჩენი დონორების მიერ გაღებული თანხისგან დამოუკიდებლად, მათი შეხედულებებისამებრ დაიხარჯებოდა.


რუსეთის უშიშროების საბჭოს, ჯანდაცვის, განათლების, სამშენებლო, საგზაო უწყებებისა და მიგრაციის სამსახურის წარმომადგენლობით დელეგაციაში შედის ასევე რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩი, შერეული საკონტროლო კომისიის რუსული მხარის თანათავმჯდომარე იური პოპოვი.


რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, დელეგაცია 24 აპრილს შეხვდება კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მერაბ ანთაძეს, 25-26 აპრილს კი იგეგმება ცხინვალში მათი გამგზავრება. რუსული მხარე აცხადებს, რომ შესაძლოა დელეგაციას ცხინვალში ასევე გაყვნენ ქართული მხარისა და ეუთოს წარმომადგენლები.


”რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ უწყებათაშორისი ჯგუფის ვიზიტი ხელს შეუწყობს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სასიცოცხლო პრობლემების გადაწყვეტას, ასევე რუსულ-ქართული ურთიერთობების განვითარებას და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთგაგების გაუმჯობესებას”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.


იმავდროულად, სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 23 აპრილს აცხადებს, რომ ცხინვალი ემზადება რუსეთის დელეგაციის დასახვედრად.

”რესპუბლიკა მწვავედ საჭიროებს ახალი და არსებული სოციალური ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას… ქართველოს მხარეს არაერთხელ განუცხადებია მაღალი ევროპული ტრიბუნებიდან კონფლიქტის ზონის რეაბილიტაციის მიზნით დიდი ფინანსების გამოყოფის გეგმებზე. თუმცა რუბლიც კი არ დახარჯულა ქართული აგრესიის წლებში დანგრეული ობიექტების აღდგენაზე,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version