ნათელაშვილი ბრიტანეთის ელჩს აკრიტიკებს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის დონალდ მაკლარენის ქვეყნიდან გაწვევას ითხოვს და ვითომდა საელჩოს სახელით პარტიაში მიღებულ წერილს ქართული სპეცსამსახურების ”პროვოკაციულ” ქმედებად აფასებს.


ლეიბორისტულმა პარტიამ 18 აპრილს ბრიტანეთის ელჩის სახელზე მადლობის წერილი მიიღო ირანში დაკავებული ბრიტანელი მეზღვაურების გათავისუფლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. ლეიბორისტულის პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი ძალისხმევის შემდეგ მოხერხდა დაკავებული მეზღვაურების გათავისუფლება.


თუმცა 19 აპრილს დონალდ მაკლარენმა კატეგორიულად უარყო წერილის ავტორობა. ლეიბორისტულმა პარტიამ გაყალბებული წერილის ასლები გამოსაძიებლად გენერალურ პროკურატურას და თავად საელჩოს გაუგზავნა, თან აქვე გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს ან სპეცსამსახურების ნამოქმედარი იყო ან ბრიტანეთის ელჩმა საქართველოს ხელისუფლების ზეწოლით წერილის გაგზავნის ფაქტი უარყო.


”მე განმაცვიფრა ბრიტანეთის ელჩის მოქმედებამ. ნაცვლად იმისა, რომ მას როგორც დიპლომატს გაეცა ეთიკური პასუხი კითხვაზე: რა მოხდა? და მოეთხოვა გამოძიება გაყალბებული დოკუმენტის, იგი ჩვენგან ითხოვს განმარტებას, რაც სცილდება ყოველგვარ ადამიანურ, დიპლომატიურ და პოლიტიკურ ჩარჩოებს. ასეთი ელჩი არ შეიძლება დარჩეს თავის პოსტზე,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version