საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრის შეცვლის გეგმებს უარყოფს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა ”ფანტაზიის ნაყოფი” უწოდეს მედიაში ატეხილ აჟიოტაჟს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის შესაძლო შეცვლის თაობაზე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ნოღაიდელს გულის ოპერაციას აშშ-ში ხვალ გაუკეთებენ.


”ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემა. არაფერი ისეთი კატასტროფული და აჟიოტაჟის ასატეხი ნამდვილად არ არის… ბატონის ზურაბი 2 კვირის შემდეგ დაბრუნდება საქართველოში,” – განუცხადა უმრავლესობის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა ჟურნალისტებს.


ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე ასევე აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ეტაპზე მთავრობაში აღნიშნული საკადრო ცვლილება მოხდეს, ”თუ მართლაც არ გართულდა ნოღაიდელის ჯანმრთელობის მდგომარეობა”. 


”ისე დიდი ხანია მიმდინარეობს შიდა ბრძოლები [პრემიერის პოსტისთვის], არსებობს სხვადასხვა ჯგუფები და სხვადასხვა მათი კანდიდატები”, – განაცხადა დღეს გამყრელიძემ.


გავრცელებული ინფორმაციით, ნოღაიდელის სავარაუდო  შემცვლელებად  განათლების მინისტრი კახა ლომაია, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე სახელდებიან.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version