საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს და თურქეთის ერთ-ერთ მსხვილ ავიაგადამზიდავ კომპანიას Pegasus Airlines -ს უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქვთ ერთობლივი ავიაკომპანიის შექმნა საქართველოში.
”ახალი კომპანია იქნება ძალიან ეკონომიური, ხელმისაწვდომ ფასებს შესთავაზებს ქართველ მომხმარებლებს ბილეთებზე. იმავდროულად, Pegasus Airlines-სთვის დამახასიათებელია, რომელიც ასევე იქნება ახალი კომპანიისთვის [დამახასიათებელი], უსაფრთხოების მაღალი ხარისხი, მომსახურების ევროპული სტანდარტები, პუნქტუალობა”, – განუცხადა საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია ”მზეს” 19 თებერვალს.
ახალი ავიაკომპანია რეისებს ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით განახორციელებს.
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი არის ჰოლდინგის ტიპის სტრუქტურა, რომელსაც სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის მედიასა და მრეწველობაში, აქვს ბიზნეს ინტერესები. ჯგუფი ასევე ფლობს კომპანია ”ვიპავიას“, რომელიც ჩარტერული ფრენებს ახორციელებს.