აფხაზეთის ოპოზიცია ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას მოითხოვს

აფხაზ ხალხთა ერთობის ფორუმი, რომელიც სამ ოპოზიციურ პარტიას და ცხრა საზოგადოებრივ მოძრაობას აერთიანებს, მიესალმა აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის საგარეო პოლიტიკას, თუმცა მოუწოდა მას შიდა პრობლემების მოგვარების მიზნით დაითხოვოს ახლანდელი მთავრობა, იტყობინება „აფსნიპრესი“.


„[სერგეი ბაღაფში] ყველა საჭირო ღონისძიებას მიმართავს, რათა მიაღწიოს აფხაზეთის საერთაშორისო აღიარებას… და რუსეთის რეგიონებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას“, – აცხადებს ფორუმი განცხადებაში, რომელიც სოხუმში 29 ნოემბერს გამართული სხდომის შედეგად იქნა მიღებული.


„ჩვენ უკმაყოფილებას გამოვხატავთ აფხაზეთის მთავრობის მიმართ მისი დესტრუქციული როლისა და წარუმატებლობის გამო შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა სახელმწიფოს საქმიანობის სხვადასხვა სფეროებში იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რამაც კრიზისამდე და პრესტიჟის შემცირებამდე მიგვიყვანა. ვთავაზობთ პრეზიდენტს ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა, რომელიც შეძლებს ეფექტურად მოაგვაროს არსებული პრობლემები“, – ნათქვამია განცხადებაში.


აფხაზ ხალხთა ერთობის ფორუმი – აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ამ ორგანიზაციის წევრია – მთავრობას არაგამჭირვალე საპრივატიზაციო პროცესის განხორციელების გამო აკრიტიკებდა.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version