ცხინვალი უარყოფს კავშირს ყალბი დოლარების დამზადებასთან

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა ცხინვალის დისკრედიტაციის მცდელობა უწოდა Washington Post-ში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ოსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შესაძლოა ყალბი ამერიკული დოლარები მზადდებოდეს და ამ საქმესთან რაიმე სახის კავშირი უარყო.


“ყალბი ფული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ მზადდება… სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება მზადაა დახმარება აღმოუჩინოს ნებისმიერ სამართალდამცავ ორგანიზაციას, მისი სახელმწიფოებრივი კუთვნილების მიუხედავად, ამ ყალბი დოლარების წარმოშობის გამოძიებაში… ნებისმიერი გამოძიება აჩვენებს, რომ სამხრეთ ოსეთი აბსოლუტურად არაფერში არ არის დამნაშავე“, – იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 27 ნოემბერს ედუარდ კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით.


26 ნოემბერს Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ამერიკელი და ქართველი სამართალდამცავების ერთობლივი გამოძიების კვალი ყალბი დოლარების დამზადების საქმეში ცხინვალის რეგიონისკენ მიდის და ეს პრობლემა “ხაზს უსვამს სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის მოგვარების საჭიროებას“.


კოკოითი ცხინვალზე ამ შეტევას ამერიკელი და ქართველი პოლიტტექნოლოგების “ბინძურ“ ხელწერას უკავშირებს და აცხადებს, რომ ეს კამპანია შესაძლოა საომარი მოქმედებების მომზადებას ისახავდეს მიზნად.


“დღეს საქართველო აკეთებს განცხადებას სამხრეთ ოსეთში ყალბი ფულის დამზადების თაობაზე და ამაზე დაყრდნობით ამერიკული პრესა დიდი სიამოვნებით მუსირებს ამ სიცრუეს. ვინ იქნება იმის გარანტი, რომ ეს თავდასხმები არ არის  ქართული მხარის მორიგი მცდელობა ძალით დაიკავოს თბილისის მიერ უკონტროლო ტერიტორიები“, – აცხადებს კოკოითი.


“სამხრეთ ოსეთი არც ერაყია და არც ირანი. და ვაშინგტონის ჩანაფიქრი აქ არ იმუშავებს“, – დასძენს იგი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version