გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში ანტიქართული კამპანია შენელდა

რუსეთში “ქართული კრიმინალის“ წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბები მცირდება, ქართველების კუთვნილი დახურული კაზინოების და რესტორნების უმეტესობა ისევ გაიხსნა, იტყობინება რუსული გაზეთი “ვედომოსტი” 25 ოქტომბერს.


გაზეთის ცნობით, მოსკოვში მდებარე ორი კაზინო Golden Palace და Golden Palace Weekend, ასევე სანკტ-პეტერბურგში მდებარე სამი კაზინო Olympia, Konti და Nevada უკვე გაივსო მოთამაშეებით.


“უკანონო ქართველ მიგრანტთა დეპორტაციის მასშტაბებიც შემცირდა… დეპორტირებულთა საერთო რაოდენობამ 800-ს მიაღწია. ამჟამად, 100 კაცზე ნაკლებია დაკავებული [დეპორტაციის მიზნით]“, – წერს გაზეთი.


“ვედომოსტი“ ასევე იტყობინება კრემლის უცნობ წყაროზე დაყრდნობით, რომ  ანტიქართული კამპანიის წამოწყების შესახებ გადაწყვეტილება ძირითადად “ემოციებით“ იყო გამოწვეული.


“ახლა, ყველას ესმის, რომ ზეწოლა უნდა შერბილდეს. ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“, – განუცხადა კრემლის წყარომ გაზეთს “ვედომოსტის”. 


თუმცა, გაზეთის ცნობით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში ეკონომიკური სანქციები მოიხსნას.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ სანქციების მოხსნა ჯერ-ჯერობით არ იგეგმება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version