ბურჯანაძემ სუამის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ  სუამის წევრი ქვეყნების – საქართველო, უკრაიანა, მოლდოვა და აზერბაიჯანი – საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 14–15 ოქტომბერს კიშინიოვში ჩატარდა. უკრაინას რადას ვიცე–სპიკერი წარმოადგენდა.


თავის გამოსვლაში ნინო ბურჯანაძემ გააკრიტიკა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებული “ქსენოფობიური“ კამპანიის გამო.


“საქართველო რთულ სიტუაციაშია და ჩვენ თქვენი მყარი მხარდაჭერა გვჭირდება, ჩვენ საერთაშორისო საზოგადოების სერიოზული მხარდაჭერა გვესაჭიროება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


სავარაუდოდ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მოლდოვას ხელმძღვანელობასთან განიხილავდა მისი მოლდოველი კოლეგების გადაწყვეტილებას, რომელთაც უარი თქვეს განეხილათ განცხადება საქართველო–რუსეთის ურთიერთობებზე.


5 ოქტომბერს  პრეზიდენტ ვორონინის საპარლამენტო უმრავლესობამ, მოლდოვას კომუნისტურმა პარტიამ არ გაიზიარა ოპოზიციის წინადადება, რომელიც რუსეთთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე საქართველოს მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.

ამასთან, 15 ოქტომბერს სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებს გელა ბეჟუაშვილსა და ანდრეი სტრატანს შორის, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სუამის ფორმატში ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხს, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version