მოსკოვი თბილისს რუსი ოფიცრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას თხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩს რუსეთში ირაკლი ჩუბინიშვილს საპროტესტო ნოტა გადასცა და 27 სექტემბერს ქართველი სამართალდამცავების მიერ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 4 რუსი ოფიცრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა.


“დაპატიმრებების სერია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ 27 სექტემბერს ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების შტაბის ოფიცრების მიმართ განახორციელა, მორიგი უხეში გამოხტომაა, რომელიც ამტკიცებს საქართველოს ხელისუფლების ანტირუსულ კურსს“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 27 სექტემბერს.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირაკლი ჩუბინიშვილს განემარტა, რომ ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების შტაბის მოსამსახურეები რუსეთის ბაზების გაყვანას უწყობენ ხელს. “ამასთან ჩვენს სამხედროებს მუდმივად უწევთ ჭიდილი ქართული მხარის პროვოკაციულ ქმედებებთან“, – დასძენს რუსეთის საგარეო უწყება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა თბილისში ГРУ-ს პოლკოვნიკი ალექსანდრე სავა და პოდპოლკოვნიკი დიმიტრი კაზანცევი, ბათუმში კი ГРУ-ს  პოდპოლკოვნიკი ალექსანდრე ზავგოროდნი და მაიორი ალექსანდრე ბარამოვი დააკავა. შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, დაკავებულთა წინააღმდეგ საკმარისი სამხილი არსებობს. ამ ნაბიჯით საქართველომ მორიგი საშიში პროვოკაცია აიცილა თავიდან, დასძენს მინისტრი.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version