თბილისი ლავროვის განცხადებებს პასუხობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 25 სექტემბერს აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. გაყინული კონფლიქტების შენარჩუნების სურვილი უპერსპექტივო მცდელობაა.


ამის შესახებ საუბარია კომენტარში, რომელიც საგარეო უწყებამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებების საპასუხოდ გაავრცელა.


23 სექტემბერს, ნიუ–იორკში სერგეი ლავროვმა საქართველო კონფლიქტებთან დაკავშირებით  შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებში კავკასიაში კონფლიქტების “გაყინულ“ მდგომარეობაში შენარჩუნება უფრო შედის, ვიდრე “ცხელი“ კონფლიქტები. 


საქართველო მოუწოდებს რუსეთს სხვა მონაწილეებთან ერთად – გაერო, ეუთო, ევროკავშირი, მეგობართა ჯგუფის ქვეყნები – თანაბრად იტვირთოს სამშვიდობო პროცესის გარანტორისა და ხელშემწყობის როლი.


“საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, განაახლებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირდაპირ დიალოგს და უზრუნველყოფს კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის წარმატებას“, – აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.


თბილისი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ქართული შეიარაღებული ფორმირებები  კოდორის ხეობაში არ იმყოფებიან.


“ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოში გაერო-ს სადამკვირვებლო მისიასთან [კოდორის ხეობაში] მონიტორინგის ჩატარების თაობაზე, ხოლო საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებს უახლოეს მომავალში მიეცემათ საშუალება პირადად დარწმუნდნენ იმაში, თუ რა კეთდება საქართველოს ხელისუფლების მიერ ზემო აფხაზეთში“, – აცხადებს ოფიციალური თბილისი, თუმცა არ აკონკრეტებს როდის შედგება დიპლომატების ვიზიტი კოდორში.


რაც შეეხება სერგეი ლავროვის შეშფოთებას საქართველოს შეიარაღებული ძალების “აღმშენებლობის თაობაზე, უნდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მთავრობა დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ უზრუნველყოს საკუთარი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვა. ასევე იქნება ეს მომავალშიც“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version