გელა ბეჟუაშვილი ბრიუსელს სტუმრობს

14 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი სამდღიანი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.


ვიზიტისას განიხილება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხები, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და  საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოწესრიგების მიმართულებები.


“ყველა ასეთი ვიზიტი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როცა ხდება საერთაშორისო დახმარების კონსოლიდაცია კონფლიქტებთან მიმართებაში. ჩვენ გვაქვს ხედვა როგორ უნდა შეიცვალოს არსებული მოლაპარაკებათა და სამშვიდობო ფორმატები, რომლებიც, ყველა აღიარებს, რომ არაეფექტურია“, – განუცხადა ბრიუსელში გამგავრებამდე მინისტრმა ჟურნალისტებს დღეს გამთენიისას.


14 სექტემბერს გელა ბეჟუაშვილი შეხვდება ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ხელმძღვანელს ბენიტა ფერერო-ვალდნერს, ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს კარელ დე გუხტს, ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში ანდრის პიებალგს, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს პეტრას ვაიტიეკუნასს.


საგარეო უწყება ასევე იტყობინება, რომ 15 სექტემბერს დაგეგმილია შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იაპ დე ჰოოფ სხეფერთან. 


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე გამართავს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების რეგიონალურ შეხვედრას.


ბრიუსელში ვიზიტის დასრულების შემდეგ გელა ბეჟუაშვილი 17 სექტემბერს აშშ–ი გაემგზავრება, სადაც საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version