სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი შესაძლოა წლის ბოლოს ჩატარდეს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის განცხადებით, დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში შესაძლოა 2006 წლის ბოლოს ჩატარდეს, იუწყება „რაი ნოვოსტი“ 30 აგვისტოს.
 
„მე ეჭვი არ მეპარება, რომ არსებული კონსტიტუციის ნორმების შესაბამისად ჩვენ შევძლებთ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი წლის ბოლოს ჩავატაროთ“, – იუწყება „რია ნოვოსტი“ დე ფაქტო პრეზიდენტის სიტყვებზე დაყრდნობით.
 
„ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ 1992 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები… განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარებით ჩვენ კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ ყველას რომ ეს არ არის მხოლოდ [დე ფაქტო] პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის სურვილი, არამედ მთელი ერის სწრაფვაა“, – განაცხადა ედუარდ კოკოითმა.
 
კოკოითი ასევე მოუწოდებს ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ „ქართველ მოსახლეობას მიიღონ მონაწილეობა რეფერნადუმში“.
 
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტის 25 აგვისტოს ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის მმართველმა პარტიამ „ერთიანობამ“ საინიციატივო ჯგუფი შექმნა, რომელმაც რეფერენდუმის ჩატარებას უნდა გაუწიოს ორგანიზება. 
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 აგვისტო გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვმია, რომ „მომავალი რეფერენდუმის შედეგებს არანაირი კანონიერი და იურიდიული ძალა არ ექნება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version