ბეჟუაშვილი: პუტინი–სააკაშვილის შეხვედრა შედეგებზე ორიენტირებული უნდა იყოს

საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსკოვში ჩაშლილ ვიზიტს შეეხო და განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა “კონკრეტულ შედეგებზე უნდა იყოს ორიენტირებული“.


მისი თქმით, ქართული მხარე პრეზიდენტების შეხვედრისთვის სერიოზულად ემზადებოდა და კონკრეტული წინადადებები  – საზღვრის კონტროლისა და კონფლიქტების დარეგულირების შესახებ  – მომზადდა ამ მიზნით. 


“სამწუხაროდ რუსულმა მხარემ ვერ უზრუნველყო ამ შეხვედრის ორგანიზება დსთ-ს სამიტის გადატვირთულობის გამო… შეხვედრა შეხვედრისთვის ბუნებრივია არც ჩვენ და არც რუსეთის მხარეს ნამდვილად არ აწყობს. იმედი მაქვს, რუსი კოლეგები დამეთანხმებიან, რომ საქართველო-რუსეთს შორის არსებული პრობლემების გადაჭრა ცხენების დოღის ფონზე დაუშვებელია და არასერიოზული“, – განაცხადა დღეს ბრიფინგზე გელა ბეჟუაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტმა უარი თქვა 21-22 ივლისს მოსკოვში დსთ-ს არაფორმალურ სამიტში მონაწილეობაზე, რომლის პროგრამაში ცხენების დოღზე დასწრებაც იგეგმებოდა.

რუსულმა მხარემ 21 ივლისს განაცხადა, რომ პრეზიდენტების შეხვედრა “მომავალში” შედგება. თუმცა შესაძლო შეხვედრის დრო უცნობია.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version