აფხაზეთის ოპოზიცია დე ფაქტო პარლამენტის წინაშე რკინიგზის საკითხს აყენებს

აფხაზეთის ხალხთა ერთობის ფორუმმა, რომელიც სამ ოპოზიციურ პარტიას და ცხრა საზოგადოებრივ მოძრაობას აერთიანებს, მოუწოდა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტს დაუყონებლივ გამართოს საგანგებო მოსმენები აფხაზეთის გავლით რუსეთ-საქართველოს რკინიგზის რეაბილიტაციის თაობაზე, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი“ 11 ივლისს.


აფხაზეთის ხალხთა ერთობის ფორუმის წარმომადგენლებმა 30 ივნისს განაცხადეს, რომ შეთანხმება რკინიგზის აღდგენის მიზნით საერთაშორისო კონსორციუმის შექმნის თაობაზე, რომელშიც რუსული, ქართული, აფხაზური და სომხური მხარეები შევლენ, საფრთხეს უქმნის აფხაზეთის სუვერენიტეტს.


“ფორუმის წარმომადგენლები მოითხოვენ ამ საკითხის პარლამენტში განხილვას უახლოეს მომავალში, მაგრამ მე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მივიღებ. ჩვენ ვაპირებთ საკითხის ყველა დეტალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და მთავრობასთან ერთად განვიხილოთ. პარლამენტი მოახდენს რეაგირებას, თუ იქნება რაიმე, რამაც შესაძლოა ჩვენი ხალხის ინტერესები შელახოს“, – განაცხადა პარლამენტის დე ფაქტო სპიკერმა ნუგზარ აშუბამ ფორუმის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.


მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციამ თავი უნდა შეიკავოს ეკონომიკური საკითხების თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებისგან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version