ხაინდრავა: მინძაევის და მერაბიშვილის შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას განცხადებით, უახლოეს დღეებში საქართველოს და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგება. თუმცა ხაინდრავამ შეხვედრის ადგილი და ზუსტი დრო არ დააკონკრეტა.


“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან კოორდინაცია აუცილებელია რეგიონში, იმისთვის რომ იყოს შესაძლებელი ჩვენი სამშვიდობო გეგმის განხორციელება, იმისთვის რომ იყოს შესაძლებელი იმ შედეგების რეალიზება, რომელიც ჩვენ ბრიუსელში [14 ივნისს დონორთა კონფერენციზე] მივიღეთ… წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ეს გეგმა იქნება შეჩერებული“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ხაინდრავამ 19 ივნისს.


ეს განცხადება სახელმწიფო მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც 18 ივნისს ცხინვალში მოლაპარაკებები გამართა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილესთან, შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარე ბორის ჩოჩიევთან.


ცხინვალის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ბორის ჩოჩიევის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელთა შეხვედრა შსკ–ს ფარგლებში ჩატარდება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version