ქართული მხარე მოსკოვს “გაუწონასწორებელი რიტორიკისაგან“ თავშეკავებას ურჩევს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გავრცელებულ განცხადებაში “მტკიცე პროტესტი” გამოთქვა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის კომენტარზე, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებაში თვითგამორკვევის უფლების მნიშვნელობაზე მიუთითა.


“ამგვარი განცხადებებით რუსეთის ფედერაცია უკვე აშკარად აღიარებს, რომ ეს ქვეყანა არ არის ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში არსებული კონფლიქტის დარეგულირების ხელშემწყობი მხარე და ვეღარ ინარჩუნებს ამ სტატუსისათვის აუცილებელ მიუკერძოებლობას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს 1 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.


ამავე დროს თბილისი აფრთხილებს მოსკოვს, რომ “მეზობელი ქვეყნისადმი ამგვარი დამოკიდებულება და აპელირება თვითგამორკვევის პრინციპისადმი, საფრთხეს უქმნის, რუსეთის ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, მისივე ტერიტორიულ მთლიანობას“.


საგარეო უწყება ასევე ხაზს უსვამს, რომ “საქართველო დათანხმდა რუსეთის სამშვიდობოების შემოყვანაზე კონფლიქტის რეგიონში მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაცია მკაფიოდ და არაორაზროვნად აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“.


ამასთან საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ “კონფლიქტის სრულმასშტაბიანი, პოლიტიკური მოწესრიგებისაკენ საქართველოს მხარის სწრაფვა არ ემთხვევა რუსეთის პოლიტიკურ გეგმებს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version