გილაური ირანში ვიზიტზე კომენტარს აკეთებს

ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა, რომელიც გასულ კვირას სამუშაო ვიზიტით ირანში იმყოფებოდა, 24 იანვარს განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება ირანსა და საქართველოს შორის ელექტროენერგიის ურთიერთმიწოდების თაობაზე. მისი თქმით, არსებობს იმის პერსპექტივაც, რომ ირანი საქართველოსთვის გაზის ალტერნატიული მიმწოდებელი გახდეს.


„მე ძალიან პოზიტიური შეხვედრები მქონდა ირანის ენერგეტიკის და გაზისა და ნავთობის მინისტრებთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს ჩემს ირანელ კოლეგასთან ერთად ელექტროენერგიის გაცვლის თაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულის პერიოდში ჩვენ მივაწვდით ელექტროენერგიას ირანს, ხოლო ზამთარში ირანი მოგვაწვდის ელექტროენერგიას“, – განაცხადა გილაურმა პრეს-კონფერენციაზე.


მინისტრის თქმით, ის „კონკრეტულს“ ვერაფერს იტყვის ირანთან გაზის მიწოდების საკითხებზე შესაძლო თანამშრომლობის შესახებ.


„ეს იყო პირველი ნაბიჯი მოლაპარაკებებისა ირანის ახალ მთავრობასთან, ამრიგად რაიმე კონკრეტული განცხადების გაკეთებისგან თავს შევიკავებ. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ არსებობს თეორიული, პრაქტიკული და რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ ირანი გახდეს საქართველოსთვის ენერგორესურსების ალტერნატიული მომწოდებელი“, – დასძინა მან.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version